რატომ ექვითებათ მაღაროელებს ფული ეკლესიის ფონდისთვის(VIDEO)

რატომ ექვითებათ მაღაროელებს ფული ეკლესიის ფონდისთვის(VIDEO)

უკვე რამდენიმე წელია „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის საწარმოებსა და მაღაროებში დასაქმებულ ათასობით ადამიანს ყოველთვიურად ხელფასიდან ეჭრება 5 ლარი, რომელიც ირიცხება ჭიათურაში მშენებარე მართლმადიდებლური საკათედრო ტაძრის ფონდში. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს ნებაყოფლობით ხდება, თუმცა მუშები ამას არ ადასტურებენ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელს როინ აბრამიშვილს ბოლო თვეში კომპანიამ გამოუყო ხელფასი – 403 ლარი, თუმცა საბოლოოდ მის ანგარიშზე 313 ლარი ჩაირიცხა. სახელფასო უწყისში ვკითხულობთ, რომ 413 ლარიდან 4 ლარი ჩამოიჭრა პროფკავშირისთვის განკუთვნილი თანხა, 80 ლარი – საშემოსავლო, 5 ლარი კი –წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდისთვის. 

სამუშაო პირობებისა და დაბალი ხელფასის გამო გაფიცული, „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილი მუშები ამბობენ, რომ უკვე რამდენიმე წელია მათ ეს თანხა ანგარიშიდან ყოველთვე ეჭრებათ. შეკითხვაზე, საწარმოს ადმინისტრაციამ შეუთანხმა თუ არა მათ წინასწარ აღნიშნული თანხის დაქვითვა, მაღაროელები პასუხობენ: 

„რად მინდა კითხვა? ნეტავ აშენდებოდეს და ამაზე კაცი ილაპარაკებს? 5 ლარი რა სალაპარაკოა. თუმცა ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს, 2 კვირა იმუშავეს და მერე გაჩერდნენ. უბრალო გლეხი კაცი ააშენებდა იმხელა რაღაცას. 3 წელია ეს თანხა გვეჭრება ანგარიშიდან“, – ამბობს გაიოზ ჯიშკარიანი.

„ვერ ვგებულობთ, ეს ხუთი ლარი სად მიდის. თვითონ ესენი იძახიან, რომ ეს ხმარდება ეკლესიის მშენებლობას. შეამოწმეთ და ნახეთ, რა არის აშენებული. იქნება, მე ეს 5 ლარი, 10 ლარი მინდა დავდო დღეში და არა თვეში, რატომ გვართმევენ ასე ძალით ამ 5 ლარს? არ ვიცით, სად რა მიდის აქედან“, – აღნიშნული „ნეტგაზეთს“ „ჯორჯიან მანგანეზის“ კიდევ ერთმა თანამშრომელმა ნატა ტყემალაძემ განუცხადა. 

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ მუშებს ფული მართლმადიდებლური ეკლესიის ფონდისთვის ნებაყოფლობით ეჭრებათ და თუ ვინმეს სურვილი არა აქვს, შეუძლია, რომ აღნიშნულზე უარი განაცხადოს. 

„ჩვენს ორგანიზაციასთან ამ ფონდს არანაირი კავშირი არა აქვს. ამ ფონდიდან შემოვიდა მოთხოვნა და ყველა მაღაროელს, ყველა თანამშრომელს, გამოუცხადეს, რომ ნებაყოფლობით, ვისაც სურვილი აქვს, დაეხმაროს ფონდს. ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია უარი თქვას და არ დაექვითება ეს თანხა. ამ ფონდში რომ ირიცხება ეს ფული, მერე ჩვენ მასთან არანაირი შეხება არ გვაქვს“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ „ჯორჯიან მანგანეზის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაკა კვარაცხელიამ. მისი თქმით, აღნიშნულ კომპანიას ჭიათურაში, ჯამში, 3 655 თანამშრომელი ჰყავს, ეკლესიის ფონდისთვის კი თანხა 2 წელია ირიცხება.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდში ყოველთვიურად მუშების ხელფასიდან ჩამოჭრილი 18 275 ლარი ირიცხება. 2 წლის მანძილზე ამ ფონდს მუშების ხელფასიდან, ჯამში, მიღებული უნდა ჰქონდეს დაახლოებით 438 600 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ მუშების თქმით, მათ ეკლესიის ფონდისთვის 3–4 წელია ექვითებათ თანხა, შეუძლებელია ზუსტად დაანგარიშება, თუ რა თანხა შევიდა ამ ფონდში მუშების ხელფასიდან.

წმ ანდრია პირველწოდებულის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარი ჭიათურაში

ნეტგაზეთი დაუკავშირდა დეკანოზ მამა ამირან მოდებაძეს, რომელიც წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობას ხელმძღვანელობს. 

„თქვენ კონტროლი ხართ ჩემი ეკლესიის, თუ რა არის, ვერ გავიგე? რატომ გაინტერესებთ, ვინ რა შემოსწირა ეკლესიას? ვინ დაგაყენათ მაგის აგენტად? ჩამობრძანდით, მოვიწვევ მე მიტროპოლიტს და დაინტერესებული პირი თუ ბრძანდებით, გაჩვენებთ. რა არის, რომ ტელეფონით მირეკავთ ასეთ საკითხზე? ეკლესიის შემონაწირი არავის არ უნდა აინტერესებდეს, გარდა ეკლესიის წინამძღვრისა და მიტროპოლიტისა. რატომ მირეკავთ? არ არის ეს მართალი. 25 წლის მღვდელი ვარ და არ ყოფილა, რომ ვინმეს შეემოწმებინა ჩემი შემონაწირი“, – განაცხადა დეკანოზმა ამირან მოდებაძემ.

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძრის საძირკველი კათალიკოს–პატრიარქმა 2010 წლის 17 სექტემბერს აკურთხა, რის შემდეგაც დაიწყო მშენებლობა. ამჟამად ტაძარი ნახევრამდეა აშენებული, ეზოში ალაგია საშენი მასალაც.

ამ ეკლესიის მშენებლობის ფონდში „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელთა ხელფასიდან თანხის გადარიცხვის ფაქტი საქართველოს სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშშიც მოხვდა.

ომბუდსმენის ცნობით, 2011 წლის საანგარიშო პერიოდში ომბუდსმენის ოფისს მიმართეს იეჰოვას მოწმეთა რელიგიური გაერთიანების ადვოკატებმა, მათი განცხადების თანახმად, მათ ცხრა კლიენტს, რომლებიც დასაქმებულნი არიან ჭიათურაში, შპს„ჯორჯიან მანგანეზში“, სახელფასო უწყისიდან რამდენჯერმე ჩამოეჭრათ თანხა 5 ლარის ოდენობით. მათივე ინფორმაციით, მათთვის, ისევე როგორც შპს–ს სხვა თანამშრომლებისთვის, ჩამოჭრილი სახელფასო თანხა ირიცხებოდა მართლმადიდებლური ეკლესია–მონასტრების მშენებლობის ფონდში. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პირები არიან იეჰოვას მოწმეები, ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგებოდა მათ რელიგიურ მრწამსს. სიტუაციის გასარკვევად იეჰოვას მოწმე თანამშრომლებმა მიმართეს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო–გამამდიდრებელი კომბინატის მენეჯერს, აკაკი გურჯიძეს, სთხოვეს გაეთვალისწინებინა მათი რელიგიური და მორალური შეხედულებები და აღნიშნული თანხა სხვა, არარელიგიური დანიშნულების მქონე საქველმოქმედო ფონდში გადაერიცხათ.

„თავდაპირველად აკაკი გურჯიძემ სიტყვიერად განუცხადა მათ, რომ ამგვარი ქმედება ორგანიზაციის მხრიდან ოფიციალურად არის დადგენილი და იგი ვერაფრის შეცვლას ვერ შეძლებდა. თუმცა საბოლოოდ „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის მიერ ამგვარი დისკრიმინაციული მიდგომა შეიცვალა და იეჰოვას მოწმეების მოთხოვნა დაკმაყოფილდა“, – ნათქვამია ომბუდსმენის 2011 წლის ანგარიშში.