ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხი დღითი დღე უფრო აქტუალური ხდება. ქონების დასაბრუნებლად ამჯერად ბრძოლას "სახალხო ბანკის, იგივე "ლიბერთი ბანკის" ყოფილი მფლობელებიც იწყებენ. ბანკი, რომლის სახელიც 2005 წელს მოსკოვში მოკლულ ქართველ ბიზნესმენს, მამუკა ჯინჭარაძეს უკავშირდება, 2002 წელს დაფუძნდა. მისი აქციონერები იყვნენ: გიორგი გოგუაძე , რომელიც ჯერ კიდევ მოქმედ პარლამენტში ისნის მაჟორიტარად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით შევიდა, ირინა ჯინჭარაძე - შპს "სტარქორდ რესურსიზი" , ელენე კოვალენკო და სხვა წვრილი აქციონერები. მათ ბანკი 2009 წელს დათმეს. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტი თორმეტ მილიონად გაიყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბრიტანულმა საინვესტიციო ჯგუფმა შეიძინა. ბანკს კი სათავეში "საქართველოს ბანკის" ყოფილი გენერალური დირექტორი და ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ჩაუდგა. ამ ეტაპზე დამფუძნებლები საგანგებო განცხადების გასაკეთებლად ემზადებიან. გიორგი გოგუაძე, ირინა ჯინჭარაძე და ალიონა კოვალენკო ჟურნალისტებს დღეს, Fორ.გე-ს პრესკლუბში შეხვდებიან.