აშშ და ნატო მოლდოვაში მხარეებს დიალოგისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს

აშშ და ნატო მოლდოვაში მხარეებს დიალოგისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მოლდოვაში მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ. მოლდოვაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით მათ განცხადებები გაავრცელეს.

ვაშინგტონი მოლდოვაში ყველა პოლიტიკურ პარტიას თავშეკავებისკენ და პოლიტიკური დიალოგის გზით შეთანხმებისკენ მოუწოდებს. "განვითარებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფა მოლდოვისა და მოლდოველებისთვის საერთო მიზანს წარმოადგენს, რომელსაც აშშ მხარს უჭერს და მომავალშიც დაუჭერს", - წერია განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ აღიარებს 24 თებერვალს მოლდოვაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.

თავის მხრივ ნატომ ოფიციალურ დოკუმენტში განაცხადა, რომ შეშფოთებით ადევნებს თვალს ქვეყანაში შექმნილ მოვლენებს: "მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას სიმშვიდისკენ, თავშეკავებისა და განსხვავებული შეხედულებების დიალოგის გზით მოგვარებისკენ, კანონის სრული დაცვით", - აღნიშნულია ნატოს განცხადებაში.

9 ივნისს მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პაველ ფილიპმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის 6 სექტემბერს ჩატარდება.

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პაველ ფილიპი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.

24 თებერვალს გამართული საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის 4 თვის შემდეგ მოლდოვაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდა.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, პრორუსულად განწყობილმა სოციალისტებმა და პროევროპულად განწყობილმა მემარჯვენე ბლოკ ACUM-მა კონსენსუსს მიაღწიეს და ხელი მოაწერეს დროებით შეთანხმებას ქვეყნის დეოლიგარქიზაციის შესახებ.