"მიჩივლეთ ბატონო არჩილ", "დრო არ მაქვს, რომ გიჩივლოთ“,

"მიჩვლეთ ბატონო არჩილ, შეგიძლიათ საჩივარი შეიტანოთ“, "დრო არ მაქვს, რომ გიჩივლოთ“, - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე შეკამათდნენ.

კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას უსმენენ. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. სალომე სამადაშვილის კითხვა შეეხებოდა ანაკლიის პორტის საკითხს. "როდესაც ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, ფინანსების მოძიების დროს ხდება ინფორმაციის გაჟონვა, რომ იწყება ალტერნატიული ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესაძლო განხორციელება.

ამ ინფორმაციამ დააფრთხო პოტენციური ინვესტორები ანაკლიის პორტისთვის“, - მიმართა სალომე სამადაშვილმა ნათია თურნავას.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე არ შეექმნება.

სალომე სამადაშვილის მომდევნო კითხვა შეეხო იმას, როგორ აშენდება ანაკლიის პორტი, თუ ინვესტორები არ ჩადებენ ფულს. "სახელმწიფო ააშენებს, ბიძინა ივანიშვილი ჩადებს ფულს თუ როგორ?“, - იკითხა სალომე სამადაშვილმა.

საბოლოოდ, სამადაშვილმა აღნიშნა, რომ მან ნათია თურნავასგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო ვერც ერთ შეკითხვაზე.

"მე ამ სულელური პრეზენტაციის მოსასმენად არ მოვსულვარ. რაც მოვისმინეთ, იმის გამეორების მოსმენა არ გვჭირდება. აქ გონებაჩლუნგი არავინ არ არის“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩლ თალაკვაძე ჩაერთო და დეპუტატს ეთიკის კოდექსი შეახსენა.

"ჩვენ მივიღეთ ეთიკის კოდექსი, შევქმენით ეთიკის საბჭო. თხოვნა მაქვს, ეთიკის ფარგლებში გავაგრძელოთ მოსმენა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სალომე სამადაშვილი: "მიჩვლეთ ბატონო არჩილ, შეგიძლიათ საჩივარი შეიტანოთ“.

არჩილ თალაკვაძე: „დრო არ მაქვს, რომ გიჩივლოთ“, - უპახუხა უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიციონერ დეპუტატს.