ტრამპი: სტოლტენბერგი ჩემი ყველაზე დიდი თაყვანისმცემელია

ტრამპი: სტოლტენბერგი ჩემი ყველაზე დიდი თაყვანისმცემელია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მისი ყველაზე დიდი თაყვანისმცემელია. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„სტოლტენბერგი, ალბათ, ტრამპის ყველაზე დიდი თაყვანისმცემელია. ამ დღეებში ის სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ დონალდ ტრამპის გარეშე ნატო აღარ იარსებებდა. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ ალიანსის ბიუჯეტის ზრდა დაიწყო, მანამდე კი ეს თანხა ყოველწლიურად მცირდებოდა“, - განაცხადა ტრამპმა.

გარდა ამისა, მან გერმანიის ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბერლინმა ნატოს ბიუჯეტში უფრო მეტი ფული უნდა შეიტანოს.

„გერმანია 1%-ს იხდის, რაც ძალიან ცოტაა. ეს უსამართლო მიდგომა. გამოდის, რომ ჩვენ გერმანიას ვიცავთ, ისინი კი ამით სარგებლობენ. მე ამის შესახებ ანგელა მერკელისთვისაც მაქვს ნათქვამი. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს, ის ძალიან მომწონს და მე ყოველთვის ვეუბნები, რომ გერმანიამ უფრო მეტი უნდა გადაიხადოს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.