"მირეკავენ დაშიფრული ნომრიდან, არის მუქარის ტონის ზარები"

მალხაზ მაჩალიკაშვილს ემუქრებიან - ამის შესახებ შვილმოკლული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს.

როგორც მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, ბოლო 2 დღეში მის ტელეფონზე უცნობი ნომრიდან მუქარის შემცველი შეტყობინებები არ წყდება და მისგან პარლამენტის წინ პროტესტის შეწყვეტას მოითხოვენ.

„მირეკავენ დაშიფრული ნომრიდან, არის მუქარის ტონის ზარები, პირდაპირი ჩემთან შეხვედრები. მე ნებისმიერთან მივდივარ, ნებისმიერთან ვინც კი დამირეკავს, ვინც კი კაცს გამომიგზავნის, შემხვდიო. ვინც ჩემს მტერს წინააღმდეგობას გაუწევს, ის არის ჩემთვის ახლო ადამიანი. ამბობენ შენ „ნაციონალებთან“ ხარ, ამასთან ხარ იმასთან ხარ, ასეთი რაღაცეები არის, რასაც მე ყურადღებას არ ვაქცევ. შუამავალს მიგზავნიან, თუ არ წახვალ მაქედან ამას გავაკეთებთ და იმას გავაკეთებთო...“, - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის 19 წლის შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების ერთადერთი იმედი თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის სტრასბურგში განხილვაა.

ცნობისთვის, დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოში ხვალ გადაიგზავნება. მასში ხაზგასმულია, რომ სპეცოპერაცია პანკისში არასწორად იყო დაგეგმილი და მოხდა ძალის გადამეტება.