,,ამ სქემაში მონაწილეობით ჩვენ უკეთეს სოციალურ სისტემას მივიღებთ, ამით ადამიანებს შეეძლებათ ფინანსურად ღირსეული სიბერე უზრუნველყონ და რა კონტრიბუციაც შეიტანეს ეკონომიკაში, საპენსიო ასაკში გასვლისას იმის საზღაური ადეკვატურად მიიღონ, არ იყვნენ დამოკიდებულნი მხოლოდ საბაზისო პენსიაზე, რაც სამართლიანობისგან შორსაა.
" საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს რეალობა შეიცვალა და წარსული გამოცდილების გამო დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე უარის თქმა - არ არის სწორი გადაწყვეტილება. „პირდაპირ ვეუბნები ამ ადამიანებს, დღეს ინსტიტუციები მუშაობენ, დღეს ევროკავშირის წევრობამდე ცოტაღა გვაკლია, სულ სხვა მაკროეკონომიკური მოცემულობაა. შედარებაც არ შეიძლება იმ საქართველოსი და ამ საქართველოსი, იმ ეკონომიკისა და ამ ეკონომიკის. ჩემი მოსაზრებით, ეს რისკი მომავალში ძალზე მინიმალიზირებულია. საპენსიო ფონდის მიმართ უნდობლობა მეტწილად შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ გარემოებასთან, რომ ადამიანების ეს კატეგორია იმ პერიოდშია დაბადებული, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და რთული პერიოდის მომსწრენი გახდნენ, მოხდა ჰიპერინფლაცია, გაუფასურდა საბჭოთა ანაბრები, შესაბამისად, მათ მიერ დაგროვილი დანაზოგები აორთქლდა, დაიკარგა. მათ ახლაც ჰგონიათ, რომ იგივე შეიძლება განმეორდეს და რისკები არსებობს, მაგრამ ახლა სხვა დროა. საპენსიო ფონდში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია."- აღნიშნავს შოთა გულბანი.
,,აფბას" პრეზიდენტი ამბობს, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულოობის პრინციპით არის ჩართული. მისივე თქმით, ამ პრინციპის გარეშე საპენსიო რეფორმა წარმატებით ვერ იმუშავებდა. ,,ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ 20 ლარის ინვესტირებით ადამიანი მომენტალურად 60 ლარის უკუგებას მიიღებს. ანალოგიური საფინანსო შესაძლებლობა ინვესტირების თვალსაზრისით, არც ერთ საფინანსო კომპანიას არ აქვს საქართველოში." შოთა გულბანის თქმით, მნიშვნელოვანია რომ რეფორმის ინიციატორი არის ქვეყნის მთავრობა და საქართველოს მოსახლეობის დასაქმებული ნაწილი სრულად არის ჩართული დაგროვებით საპენსიო სქემაში.