აშშ-ში რელიგიური ორგანიზაციის ლიდერს ტრეფიკინგსა და არასრულწლოვნების გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

აშშ-ში რელიგიური ორგანიზაციის ლიდერს ტრეფიკინგსა და არასრულწლოვნების გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

საერთაშორისო რელიგიური ორგანიზაციის „მსოფლიოს ნათების“ (La Luz del Mundo) ლიდერი ნაასონ ხოაკინ გარსია აშშ-ში ტრეფიკინგისა და არასრულწლოვნების გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ BBC-ი წერს. მისი ინფორმაციით, ორგანიზაციის მიმდევრები გარსიას „მოციქულს“ უწოდებენ.

კალიფორნიის შტატის გენერალურმა პროკურორმა ხავიერ ბესერამ განაცხადა, რომ მექსიკის მოქალაქე გარსიას და მის თანმხლებ სამ ქალს - ალონდრა ოკამპოს, აზალეა რანხელ მელენდესსა და სუსანა მედინა ოაშაკას 2015-2018 წლებში სამხრეთ კალიფორნიაში 26 დანაშაულის ჩადენა, მათ შორის ტრეფიკინგი, საბავშვო პორნოგრაფიის დამზადება და არასრულწლოვანთა გაუპატიურება ედებათ ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები არასრულწლოვან გოგოებს ეუბნებოდნენ, რომ „მოციქულის“ სურვილების შესრულებაზე უარის თქმა ღმერთის საწინააღმდეგოდ მოქმედებას ნიშნავს. ორგანიზაცია „მსოფლიოს ნათება“ ყველა ბრალდებას უარყოფს.

„მსოფლიოს ნათება“ 1926 წელს გარსიას ბაბუამ, ეუსებიო ხოაკინ გონსალესმა დააარსა. „მსოფლიოს ნათებას“, რომლის სათავო ოფისიც მექსიკაში მდებარეობს, მსოფლიოში 1 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. უკანასკნელ წლებში ორგანიზაცია პოპულარული გახდა აშშ-ში, კალიფორნიის შტატშიც, სადაც ესპანურენოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილია კონცენტრირებული.