"ასე ნუ ავწევთ მიხეილ სააკაშვილის წონას, რომელიც პრინციპში საერთოდ არ აქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მამუკა ბახტაძის ვლადიმერ ზელენსკისთან გასაიდუმლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით აცხადებს.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ არის იმდენად აქტუალური, რომ მის გამო ერთ-ერთ ევროპულ დედაქალაქში ერთი ქვეყნის პრემიერი და მეორე ქვეყნის პრეზიდენტი ხვდებოდნენ ერთმანეთს.
„სამწუხაროდ, მე ინფორმაცია არ მაქვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ალბათ, მთავრობის წარმომადგენლები გაგცემენ პასუხს. თუ საერთოდ შედგა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეხვედრა, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგია. მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს მჭიდრო თანამშრომლობა უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან. უკრაინა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, პარლამენტებს შორის გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და თუ აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორისაც გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. თუკი შედგება შეხვედრა უკარაინის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის, როგორ გარემოშიც არ უნდა იყოს, ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, „რუსთავი 2“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში, იმ სასტუმროში მივიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი იმყოფება. ამავე ინფორმაციით, შესაძლოა, ბახტაძესა და ზელენსკის „საიდუმლო შეხვედრა“ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს უკავშირდებოდეს.