ეს იყო ჩვენი პოზიცია და ხედავთ, რომ მეორე ინსტაციის დონეზე, მოლოდინები, რომ რაღაც შეცვლილიყო, გამართლდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების შეფასებისას განუცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის პოზიცია ყოველთვის იყო, რომ გამოძიების შედეგს დალოდებოდნენ.
„როდესაც იყო ამ საკითხის განხილვა სხვადასხვა ფორმატში, ყოველთვის ვამბობდით, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს საქმე განხილული იყო პირველი ინსტაციის დონეზე და ხედავთ, რომ მეორე ინსტანციის დონეზე უკვე არის ცვლილებები. რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები გამოიწვია დამატებითმა მონაცემებმა, რომელიც მიიღო სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი პოზიცია და ხედავთ, რომ მეორე ინსტაციის დონეზე, მოლოდინები, რომ რაღაც შეცვლილიყო, გამართლდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სამართალდამცავებმა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.