"ევროპული საქართველო" ცდილობს მოახდინოს არჩევნების მეორე ტურის შედეგების დისკრედიტაცია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოქროყანაში პირველი ტურის შედეგებმა გვიჩვენა, რომ მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვა „ქართული ოცნების" კანდიდატმა, მეორე ტურში კიდევ უფრო უკეთეს შედეგს ველოდებით და ამიტომ „ევროპული საქართველო" ცდილობს წინმსწრებით მოახდინოს არჩევნების მეორე ტურის შედეგების დისკრედიტაცია, რომელიც მათთვის არ იქნება სახარბიელო.
„აქედან გამომდინარე, ყველასთვის გასაგებია, რომ დღესაც ისეთივე გაუგებარ დარღვევებზე საუბრობენ, როგორზეც მაგალითად ზუგდიდში საუბრობდნენ. ათასობით სიუჟეტი ვნახეთ და მხოლოდ თუ არ ვცდები 22 ოქმი დაიწერა, ისიც მხოლოდ ტექნიკურ დარღვევაზე. რაც შეეხება „ევროპული საქართველოს" ანუ „ნაციონალური მოძრაობის" განშტოების განცხადებას, კრიმინალური სამყაროს ჩართვაზე და დაშინებაზე, საერთოდ, „ნაციონალური მოძრაობა" როგორ საუბრობს, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს , ქუჩები როგორ ივსებოდა ყოველი არჩევნების წინ ახლად გათავისუფლებული ადამიანებით და მერე ისევ იცლებოდა რადგან ხელახლა აკავებდნენ. გიგა ბოკერიამ განაცხადა ბრიფინგზე, თუ არ ვცდები გვარი ციხელაშვილი დაასახელა, რომ მესამე არჩევნებია , ხმების მოპოვების სანაცვლოდ ხელისუფლება ამ ადამიანს გათავისუფლებას ჰპირდება ოქროყანელებსო. თუ მესამე არჩევნებია ჰპირდება, ესე იგი არ გაუთავისუფლებია , მისივე ლოგიკით ეწინააღმდეგება თავისივე სიტყვებს. თუ მაინც და მაინც კრიმინალს ეძებენ, ლევან თოფურიძე არ არის კრიმინალი, სოსო თოფურიძე მოიკითხონ საკუთარ რიგებში. მათი მიზანია არჩევნების შედეგების დისკრედიტაცია, მათ შორის ოქროყანაში, რომელიც ერთ-ერთი დიდი უბანია", -განაცხადა დავითულიანმა .
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნება" ხმების მობილიზების მიზნით, ცდილობს გამოიყენოს პატიმრებისა და მათი ოჯახების მდგომარეობა. გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ხელისუფლება პატიმრობიდან გათავისუფლებული კრიმინალების მობილიზებით ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას.