ახლა 144-ია, ადრე 10 იყო, სიაში ჩინჩალაძე და მურუსიძე არ არიან

ახლა 144-ია, ადრე 10 იყო, სიაში ჩინჩალაძე და მურუსიძე არ არიან

"სიაში ვერ ნახავთ ვერც  მიხეილ ჩინჩალაძეს და ვერც ლევან მურუსიძეს. ის "გამონათება", რაც ოპოზიციის და ზოგიერთი ექსპერტის მხრიდან მოდიოდა, რომ ყველაფერი კეთდებოდა ამ ორი ადამიანის გამო, აღმოჩნდა მცდარი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „2020NEWS”-სთან  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების თემაზე განაცხადა.

დეპუტატს კრიტიკული მიდგომა ჰქონდა უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეების შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით. თუმცა, მისი თქმით, კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ, ეს პრობლემა აღმოიფხვრა და ახლა ჯანსაღი პროცესი წარიმართება.

"მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, იმიტომ, რომ ასარჩევ პირთა წრე საკმაოდ ფართოა - 144 კანდიდატია. ძველ მაგალითს თუ მოვიყვანთ, იქ ასარჩევ პირთა წრე საკმაოდ შეზღუდული იყო.

პირველად საქართველოს ისტორიაში, შედგება რამდენიმე ეტაპიანი ღია კონკურსი და ვფიქრობ, ჩვენ ყველას მოგვეცემა საშუალება, თითოეული კანდიდატის ძლიერი და სუსტი მხარეები გავიგოთ.

მე კრიტიკული მიდგომა მქონდა შერჩევის პროცესთან მიმართებაში, რადგან ფაქტობრივად, თანასწორობის პრინციპი დარღვეული იყო, როცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შარშან, დეკემბერში მხოლოდ საკუთარი თავები ჩამოწერა ნომინირებულ კანდიდატთა სიაში. ამიტომაც, ეს სია გაუქმებულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ძალიან სერიოზული ცხარე დებატების შემდეგ, მივიღეთ ძალიან კარგი, დემოკრატიული კანონი, რომელმაც დაიწყო მოქმედება. ასე რომ, პრობლემა მდგომარეობდა შერჩევის წესში - ის არ იყო ჯანსაღი. ეს ყველაფერი გავასწორეთ, რაც გამოიხატება იმაში, რომ ყველა მსურველს, საადვოკატო, სამოსამართლოს, საპროკურორო თუ სწავლული იურისტების მხრიდან, მიეცა შესაძლებლობა, მიიღოს ღია კონკურსში მონაწილეობა“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ახალ სიაში მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის გვარიც ფიქსირდება, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მოიაზრება. ამასთან დაკავშირებით კი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს: "შალვა ძალიან კვალიფიციური იურისტია და პატიოსანი მოქალაქე“.

შეგახსენებთ, იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი დაიწყო. "გადარჩეულ" კანდიდატებს საბჭო პარლამენტს სავარაუდოდ, მომავალ კვირაში წარუდგენს.