„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით ცდილობენ, აიძულონ შალვა შავგულიძის ამომრჩევლები, საკუთარ სახლებზე დაკიდებული მხარდამჭერი ბანერები ჩამოხსნან,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„თბილისის მერიამ მთაწმინდაზე, 4 ლოკაციაზე მოხსნა შალვა შავგულიძის ბანერი. 27 მაისს შალვა შავგულიძის შტაბმა ოფიციალურად მიმართა მერიას, რათა მოეცათ ნებართვა აღნიშნულ ლოკაციებზე ბანერების განთავსების მოთხოვნით. იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად ირმა ინაშვილის ანალოგიური ბანერები ქალაქის ცენტრში გამოკრული იყო თვეების განმავლობაში ყოველგვარი ნებართვის გარეშე და მერიას მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ გადაწყვეტილება საბჭოებზე განხილვის შემდეგ უნდა მიიღონ, ჩვენთვის დროის გაწელვა კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლას წარმოადგენს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით ცდილობენ, აიძულონ შალვა შავგულიძის ამომრჩევლები, ჩამოხსნან საკუთარ სახლებზე დაკიდებული მხარდამჭერი ბანერები“,- განაცხადა ხოშტარიამ.
მისივე თქმით, „30 მაისს, ახვლედიანის ქუჩაზე შალვა შავგულიძის ამომრჩეველმა საკუთარი სახლის აივანზე გადმოფინა შალვა შავგულიძის მხარდამჭერი ბანერი, რომელის ჩამოხევასაც ცდილობდა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, შემდეგ საზოგადოება 2030-ის წარმომადგენელი ალი ბაბაევი, პირადად ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი“.
„ალი ბაბაევმა თავი დაგვამახსოვრა მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის დაცვით, რომელმაც ადამიანს შარდი წაუსვა სახეზე და აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე გაკეთებული კომენტარით - "აფგან მუხთარლისნაირი „მუხთარლები" საქართველოში მრავლად არიან“, - განაცხადა ხოშტარიამ.