„ქართული ოცნება“ ხმების მობილიზების მიზნით, პატიმრებისა და მათი ოჯახების მდგომარეობის გამოყენებას ცდილობს

„ქართული ოცნება“ ხმების მობილიზების მიზნით, პატიმრებისა და მათი ოჯახების მდგომარეობის გამოყენებას ცდილობს

„ქართული ოცნება“ ხმების მობილიზების მიზნით, ცდილობს გამოიყენოს პატიმრებისა და მათი ოჯახების მდგომარეობა, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერებმა გიგა ბოკერიამ და ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც მთაწმინდაზე საარჩევნო კლიმატი შეაფასეს და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები გაახმოვანეს.

როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, „თბილისის მერიამ მთაწმინდაზე, 4 ლოკაციაზე მოხსნა შალვა შავგულიძის ბანერი.“

„27 მაისს შალვა შავგულიძის შტაბმა ოფიციალურად მიმართა მერიას, რათა აღნიშნულ ლოკაციებზე ბანერების განთავსების ნებართვა მოეცათ. იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად ირმა ინაშვილის ანალოგიური ბანერები ქალაქის ცენტრში გამოკრული იყო თვეების განმავლობაში ყოველგვარი ნებართვის გარეშე და მერიას მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ გადაწყვეტილება საბჭოებზე განხილვის შემდეგ უნდა მიიღონ, ჩვენთვის დროის გაწელვა კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლას წარმოადგენს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით ცდილობენ, აიძულონ შალვა შავგულიძის ამომრჩევლები, ჩამოხსნან საკუთარ სახლებზე დაკიდებული მხარდამჭერი ბანერები“,- განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, „30 მაისს, ახვლედიანის ქუჩაზე შალვა შავგულიძის ამომრჩეველმა საკუთარი სახლის აივანზე გადმოფინა შალვა შავგულიძის მხარდამჭერი ბანერი, რომელის ჩამოხევასაც ცდილობდა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, შემდეგ საზოგადოება 2030-ის წარმომადგენელი ალი ბაბაევი, პირადად ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი“.

„ალი ბაბაევმა თავი დაგვამახსოვრა მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის დაცვით, რომელმაც ადამიანს შარდი წაუსვა სახეზე და აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე გაკეთებული კომენტარით - "აფგან მუხთარლისნაირი „მუხთარლები" საქართველოში მრავლად არიან. „ქართული ოცნება“ ხმების მობილიზების მიზნით, ცდილობს გამოიყენოს პატიმრებისა და მათი ოჯახების მდგომარეობა, კერძოდ, ოქროყანაში, 3 წლის წინ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დავით ციხელაშვილის ოჯახს უკვე მესამე არჩევნებია პირდებიან მის გათავისუფლებას და ითხოვენ ხმების მობილიზებას ლადო კახაძის სასარგებლოდ. ოქროყანაში „ქართული ოცნების“ სახელით ხმების მობილიზებაზე მუშაობს ლევან თოფურიძე, მეტსახელად „კალაბოკა“. ანალოგიური მდგომარეობაა სოლოლაკში, სადაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ნარკოტიკების გამო დაააკავეს გიორგი მგელაძე, რომლის მეგობრებსაც გათავისუფლების სანაცვლოდ აიძულებენ ამომრჩევლების პირადი ინფორმაციის მოგროვებას და არჩევნებზე მათ მობილიზებას. პირველი ტურის შემდეგ შშმ პირის ოჯახს დაუკავშირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და გააფრთხილეს - იმ შემთხვევაში, თუ ხმას ლადო კახაძეს მისცემენ მეორე ტურში, მათ შშმ პირ შვილს ჩასვამენ სახელმწიფო პროგრამაში“,- აღნიშნა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ხელისუფლება პატიმრობიდან გათავისუფლებული კრიმინალების მობილიზებით ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას.

„შალვა შავგულიძის შტაბს რამდენიმე წყროსგან აქვს ინფორმაცია, რომ კრიმინალების მობილიზება ხდება პოლიციის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაში, კერძოდ, რჩეულიშვილის ქუჩაზე პოლიციის განყოფილების უფროსის, მიხეილ ბარამიძის მონაწილეობით“, - განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია მოუწოდებს შსს-ს და ძველი თბილისის პოლიციის ხელმძღვანელობას, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, ჩაიხსნას ყოველგვარ ურთიერთობა პოლიციის ხელმძღვანელობასა და კრიმინალებს შორის, ხოლო დაინტერესების შემთხვევაში, მზად არის შეხვდეს მათ და მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია. გიგა ბოკერიამ მიმართა ამომრჩეველს, რომ ზეწოლის, მუქარის და დაშინების ერთადერთი წამალი არის არჩევნებზე მისვლა და თითოეული მოქალაქის მხრიდან საარჩევნო ყუთთან ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა და ნების დაფიქსირება.