ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ნანა კოსტავა, საკრებულოს წევრების, თავმჯდომარისა და მისივე კოლეგების პროტესტის მიუხედავად გადაწყვეტილებას კვლავ არ ცვლის და ქუთაისის საკრებულოს წევრობაზე უარის თქმას არ აპირებს.
როგორც კოსტავა აცხადებს, მან ბოდიში უკვე მოიხადა, შვილებს ლუკმა გამოგლიჯა პირიდან და ახლა, ქვეყანაა მისახედი.
„მეტი საქმე არა გაქვთ ხალხო? ბოდიში მოვიხადე, წავედი თანამდებობიდან, ჩემ შვილებს გამოვგლიჯე პირიდან ლუკმა ჩემივე შეცდომების გამო და არა სხვისი შეცდომების გამო. პირველად ვადანაშაულებ ჩემს თავს. ახლა მივხედოთ, ქვეყანაა გადასარჩენი. დავით გარეჯს გვართმევენ, ტერიტორიები დასაბრუნებელი გვაქვს. პროვინციაში, ვიღაცა ნანა კოსტავამ რაღაცა დადო ფეისბუქზე, მერე პატიება ითხოვა და ატყდა ერთი ამბავი. ხალხო ქვეყნას მივხედოთ რა."- განუცხადა "პრაიმტაიმს„ კოსტავამ.
ნანა კოსტავას გადაწყვეტილების გამო, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ შესაძლებელია ფრაქცია „კონსერვატორები-ქართული ოცნება" თავად დატოვოს.
მას ემიჯნება მმართველი პარტიაც.
ნანა კოსტავამ დღეს განაცხადა, რომ მანდატის დატოვებას აღარ აპირებს, თუმცა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება- კონსერვატორების" წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, მან ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ასევე დეპუტატი გარიცხეს გენდერული საბჭოდან.
„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე", - ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ Facebook-ზე მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეო. მოგვიანებით მან პოსტი წაშალა. ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მანამდე დაწერილი სტატუსის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ არ იცოდა ლაგოდეხში დაღუპული 16 წლის გოგო ბარკერის და თუ იყო.