ვარძიის სამონასტრო კომპლექსი მეთერთმეტედ მასპინძლობს ახალგზარდა არქეოლოგთა საერთაშორისო კონფერეციას, რომელშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენცია არქეოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებელს პიტ რივერსს ეძღვნება და მასში ევროპის 15 უნივერსიტეტი მონაწილეობს, მათ შორის - ავსტრიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან ინგლისიდან. კონფერენციაზე მონაწილეებმა ინდივიდუალური, უახლესი სამეცნიერო კვლევები წარმოადგინეს ნეოლითიდან მოყოლებული გვიანი შუასაუკუნეების ჩათვლით. ასევე, განიხილეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის არქეოლოგიური კვლევის საკითხები.
კონფერენციის გახსნას თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ვიკერსი, უცხოელი და ქართველი პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„კონფერენციაში ქართველ ახალგაზრდა არქეოლოგებთან ერთად მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა არქეოლოგები, მომავალი მეცნიერები. მათ საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძიებების შესახებ ძალიან საინტერესო მოხსენებები აქვთ. ეს საუკეთესო საშუალებაა ამ დარგში არსებული სიახლეების გაცნობისა და ურთიერთგაზიარებისთვის. ვიმედოვნებ, ეს ტრადიცია გაგრძელდება, და კიდევ უფრო განვითარდება,“ - განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ.