"ჩვენს მთავრობას უნდა მოვთხოვოთ, რომ აზერბაიჯანთან ნორმალური მოლაპარაკება აწარმოოს", - ამის შესახებ განცხადებას პოეტი ვახტანგ ჯავახიძე აკეთებს, რითაც დავით გარეჯის ირგვლი განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
"დიდი ხმაური არ არის საჭირო. მიტინგი არ მომეწონა. არ არის საჭირო აზერბაიჯანის სახით ახალი მტერი შევიძინოთ. ჩვენი უახლოესი მეგობარია - ჩვენ საერთო მტერი გვყავს, რუსეთი! ამიტომ ამ მეზობელ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ. მიტინგები კი არა, მთავრობის აქტიურობაა საჭირო. საბჭოთა კავშირმა გაურკვევლად დატოვა საზღვრები. და ეს უნდა გაირკვეს მაგიდასთან, დიპლომატების მიერ. რუსეთს გაუხარდებოდა იქ მიტინგის დანახვა", - ამბობს პოეტი "პრაიმტაიმთან".
კითხვაზე: ქართველმა ხელოვანებმა რუსეთში მოუხშირეს სიმღერას, ცეკვას, სპექტაკლების თამაშს. როგორ უყურებთ ამ თემას? ვახტანგ ჯავახიძე პასუხობს, რომ "ეს დიდი ტრაგედიაა. ჩვენთვის უდიდესი ბედნიერებაა, რომ თავისუფლება მოვიპოვეთ, მაგრამ ეს თავისუფლება არ არის სრულფასოვანი. 20 პროცენტი დავკარგეთ, ოკუპირებულია. მსახიობების და მომღერლების რუსეთში ჩასვლას არ მივესალმები, არავითარ შემთხვევაში.
"მე რომ რობერტ სტურუა ვიყო, რუსეთში სპექტაკლით არ წავიდოდი. რუსეთს ვაგრძნობინებდი, რომ ოკუპაციის გამო არ ჩავდივართ. რუსეთის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ. ერთ-ერთია იქ ფესტივალებზე და კონცერტებზე არ ჩასვლა. რუსთაველის თეატრს ერთი ფესტივალი არც რაიმეს შემატებს და მით უმეტეს არ დააკლებს", - დასძენს პოეტი.
პირიქით უნდა წავიდნენ, რათა რუსეთს დაანახონ რუსეთის გარეშე როგორ ვვითარდებთ, რომ ქართულ სულს ვერ ჩაკლავენ...