შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გიორგი სამუშიას ოჯახის ინფორმაციით, სამუშიას საფრანგეთმა პოლიტიკური თავშესაფარი არ მისცა, რის გამოც ის უკრაინაში გაემგზავრა, სადაც საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.
"ბრალდებები, რასაც მას ქართული მხარე ედავება, აბსურდულია. ბოლოს საფრანგეთში იყო, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, პოლიტიკური თავშესაფრის განცხადება რადგან არ დაუკმაყოფილეს, ამიტომ გადაფრინდა უკრაინაში, იქ დეიდაშვილები დახვდნენ და შემდეგ უკრაინიდან აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას", - განუცხადა „ქრონიკას" სამუშიას მამიდაშვილმა ნინო გოგიტიძემ.
გამოძიების ინფორმაციით, მეგის ქარდავას დავალებით, გიორგი სამუშიამ, სხვა პირებთან ერთად, აიძულა მოქალაქე, ეღიარებინა ზუგდიდში ტერორისტული აქტის მოწყობა. ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებაზე უარის თქმის შემდეგ, დაკავებული ავტომანქანით ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აწამეს. ამავე საქმეზე გიორგი სამუშიასთან ერთად ბრალდებულები არიან დათა ახალაია, გიგი კალანდაძე და რომან შამათავა. მასზე ინტერპოლის მეშვეობით წითელი ცირკულარით ძებნა იყო გამოცხადებული.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ გიორგი სამუშია უკრაინაში დააკავეს.