ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ლატარია ამბობს, რომ გუნდი მსჯელობს, რა ფორმით და როგორ გაეცეს პასუხი დეპუტატ ნანა კოსტავას. ამის შესახებ მან მერიის შენობასთან განაცხადა, სადაც დეპუტატის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა.
მისი განმარტებით, დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის უფლება არ აქვთ, თუ თავად კოსტავამ განცხადებით არ მიმართა. ლატარიამ განმარტა, რომ მსჯელობა კოსტავას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადაყენებაზე მიმდინარეობს.
"ნანა არის კონსერვატიული ფრაქციის ხელმძღვანელი, ასევე ქართული ოცნების გუნდის წევრი და ზუსტად გუნდმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ და რა ფორმით გაეცემა ამ ყველაფერს პასუხი. უახლოეს დღეებში, საათებში ექნება ამაზე საზოგადოებას პასუხი, რა და როგორი ფორმით მოხდება", - თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ.
საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში სალომე ბარკერის ფოტო გააზიარა და დაწერდა: „კაი დღეში ხარ, ახლა იცინე".
რამდენიმე დღის წინ სალომე ბარკერის და, ლაგოდეხში ექსკურსიაზე წასული 16 წლის გოგო, სოფო ნიკოლეიშვილი გურგენიანის ჩანჩქერზე ტრაგიკულად დაიღუპა.