თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია საარჩევნო პლაკატების გაკვრის ნებართვისთვის მათ კულტურის სამინისტროში ამისამართებს, ტყუილია.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რეგულაცია საკრებულოს მიერ არის დამტკიცებული და ეს ოპოზიციამ კარგად იცის.
„ტყუილია, არაფერ შუაში არ არის კულტურის სამინისტრო. ისიც ტყუილია, რომ თითქოს მერია ვინმეს ამისამართებს. ყველაფერს აქვს თავისი წესი და ბატონმა შავგულიძემ და ბატონმა ბარამიძემაც ეს ძალიან კარგად იცის. მათ უნდათ ხელოვნურად, პოლიტიკურად აწიონ თემა. იციან, რომ დამარცხებულები არიან, განწირულები არიან მარცხისთვის და ცდილობენ ასეთ თემებს პოლიტიკური ელფერი შესძინონ, მაგრამ საქართველოში ყველამ ყველაფერი იცის. საბედნიეროდ, ძალიან ბევრი ძლიერი იურისტი გვყავს და შეგიძლიათ იმათაც ჰკითხოთ, თუ არ იციან როგორ ხდება ზოგადად ნებართვის მიღება პლაკატების და ბანერების განთავსებაზე. თუ არ აქვთ ამის კომპეტენცია, შეუძლიათ მობრძანდნენ მერიაში და ჩვენი იურისტები სრულყოფილად აუხსნიან ყველაფერს. რეგულაცია არის საკრებულოს დამტკიცებული და იმის შესაბამისად ხდება განთავსება“, – განაცხადა კალაძემ.