კახეთი ხდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო გააქტიურდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონული ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, კახეთი არის უნიკალური ისტორიის მატარებელი, ძალიან ბევრი კულტურული ძეგლი, რითაც თითოეული ქართველი ამაყობს, სწორედ არის კახეთში და ამ ნაწილში ინფრასტრუქტურის განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული როლი.
მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც დაიგეგმა კახეთში, მიმდინარეობს გრაფიკის მიხედვით.
„ყველას მინდა მოვუწოდო, მათ შორის, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რომ სწორედ ეს ტემპია შესანარჩუნებელი, რათა ინფრასტრუქტურა კახეთში რაც შეიძლება დროულად განვავითაროთ. საშუალება გვქონდეს ყველა სოფელში, ყველა დასახლებულ პუნქტში, უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ. ამასთან ერთად, ვახორციელებთ და 2020 წლის ზაფხულამდე დამთავრდება მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტების ცენტრების რეაბილიტაცია, მათ დაუბრუნდებათ ისტორიული იერსახე, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ტურისტულ პოტენციალს ამ ულამაზეს კუთხეში. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება, არ ემსახურება მიზანს, რომ ჩვენ რომელიმე ერთი მიმართულება განვავითაროთ მხოლოდ. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ინკლუზიური ზრდა. ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. დარწმუნებული ვარ, კახეთის რეგიონი იქნება ყველაზე წარმატებული რეგიონი ამ პოლიტიკის რეალიზაციის შედეგად, რადგან სწორედ კახეთშია არის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, აქ მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა თავის ოჯახში იგრძნოს ეკონომიკური წინსვლა. ინვესტორებს მინდა, მოგიწოდოთ აქტიურობისკენ უფრო მეტად ამ ულამაზეს კუთხეში და გისურვოთ წარმატებები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.