"რა შეურაცხყოფაც მომაყენე გავიგე, არ დაგივიწყებ გპირდები, ამაზეც მიიღებ პასუხს"

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატი გედევან ფოფხაძე და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სხდომაზე გედევან ფოფხაძის და ეკა ბესელიას კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. ცვლილება ადმინისტრაციულ საქმეებზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებების სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გასაჩივრებას ეხება. მოქმედი კანონმდებლობით კი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა.

ბესელიას და ფოფხაძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ლოგიკურად აღსრულების შესაძლებლობას არ იძლევა.

ოხანაშვილის თქმით, იურიდიული კომიტეტი თავად მოამზადებს ახალ საკანონმდებლო ცვლილებას.

“თავის დროზე ინიციატორებს, მათ შორის მომხსენებლებს მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინათ. ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე არ ცხადდებოდნენ, რითაც ვადა გაწელეს იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა დარღვეულიყო და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება თავის დროზე არ აღსრულებულიყო. წარმოდგენილი ვერსია არ შეესაბამება იმ ლეგიტიმურ მიზანს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ჩადო“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის ეს განცხადება გედევან ფოფხაძემ გააპროტესტა და მურუსიძე-ჩინჩალაძის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

"ანრის გამოსვლას რომ ვუსმინე, ეს უფრო გავს იმას, რომ გინდა ოპონენტს პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენო, დააბრალო არაკომპეტენტურობა. რაც მომაყენე გავიგე და არ დაგივიწყებ, გპირდები. კარგი მეხსიერება მაქვს. ამაზეც მიიღებ პასუხს დროთა განმავლობაში, ისე როგორც სხვა რაღაცეების გამო.

მინდა გასაგებად ვთქვა, რაზეა საუბარი. საკონსტიტუციო სასამართლომ უფლება მომცა, მეორე ინსტანციაში გავასაჩივრო რაღაც. ესენი ამბობენ, დიფერენცირება მოვახდინოთ იმისდა მიხედვით, ფინანსური ხარჯი რამდენიაო, დავის ოდენობა და რამდენი თვით ხდება უფლების ჩამორთმევა. თუ ჩვენ უფლებაზე გავდივართ, ჩემთვის ის 5 ათასი ლარი შეიძლება მილიონი იყოს, ვიღაცისთვის კი, 1 ლარი არ იყოს. გამოდიხართ არა იმ ადამიანის უფლებებიდან, ვისი უფლებებიც დაიცვა საკონსტიტუციომ, არამედ მოსამართლეების უფლებებიდან, რომ მათ რაც შეიძლება ნაკლები საქმე განიხილონ. კიდევ ერთ შეკვეთას უსრულებთ მურუსიძე-ჩინჩალაძეს. რაც გინდათ გაიტანეთ, რაც გინდა, ნუ გაიტანთ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას ბოლომდე“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.