"თუ სახელმწიფომ შეცდომით ან დანაშაულის გამო მოკლა მაჩალიკაშვილის შვილი, ბოდიში მოუხადოს ოჯახს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ეს თემა მტკივნეულია არა მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის, არამედ მთელი ხეობისთვის.
"ძალიან სამწუხაროა, რაც დღეს ამ დარბაზში მოხდა, რადგან მოკლული შვილის მამა ითხოვს პასუხს ჩვენგან, რატომ მოკლეს მისი შვილი. თუ სახელმწიფომ, შეცდომით ან დანაშაულის გამო მოკლა მისი შვილი, ბოდიში მოუხადოს მის ოჯახს. ეს თემა ძალიან მტკივნეულია, არა მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის, არამედ მთელი თემისთვის და მთლიანად ხეობისთვის. მინდა შეგახსენოთ, რომ პირველად, თქვენი ხელისუფლების პირობებში დადგა ნეგატიური პასუხისმგებლობის საკითხი სახლემწიფოს მიერ მოკლული ადამიანის შესახებ და თქვენ დღეს უარი თქვით, შეიტყოთ სიმართლე, რატომ მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი, მძინარე, საკუთარ სახლში და ამ პასუხისმგებლობით მოგიწევთ საკუთარი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა. საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტით პარლამენტს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა.