პრეზიდენტი საკუთარ მიწაზე, სამშობლოში უნდა მუშაობდეს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი ვლადიმირ ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას.
„პრეზიდენტი საკუთარ მიწაზე, სამშობლოში უნდა მუშაობდეს. როდესაც ის სხვა ქვეყანაში გადადის საცხოვრებლად, მაშინ ის იმიგრანტი ხდება, უნდა ეს მას თუ არა. ამიტომ, არ მგონია, რომ სააკაშვილს უკრაინაში მაღალი თანამდებობის დაკავება შეეძლოს“, – განაცხადა კრავჩუკმა.
მისივე თქმით, ზელენსკის მიერ ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის მოქალაქეობის დაბრუნება „ღირსების საკითხი იყო“.
„ჩემი აზრით, ეს ზელენსკისთვის არის სამართლიანობისა და ღირსების საკითხი. ხომ გვახსოვს, როგორ იოლად მისცა პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა და რა სწრაფად ჩამოართვა. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე ამ გადაწყვეტილებას უკრაინის ეროვნულ ინტერესებთან არაფერი ჰქონდა საერთო“, – აცხადებს კრავჩუკი.