ჭიათურელები ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

ჭიათურელები ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

ჭიათურაში გაფიცულები ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორისგან, ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ამის მიზეზი გვარამიას განცხადება გახდა, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"მითხარით ახლა, ეს პარადოქსია, თუ ეროვნული უბედურება: სამი დღის წინ, არჩევნებში, ჭიათურის 65%-მა ხმა მისცა ქოცებს და დღეს, იმავე ჭიათურაში ყველაფერი გაჩერებულია. მოსახლეობა (ის 65%) მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებს და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი გაფიცვაა. და ჩვენ რატომ უნდა შეგვტკიოდეს ამ ხალხზე გული, საკუთარი თავი რომ ფეხებზე ჰკიდიათ და საკუთარ ხმას უნიტაზში გადაუძახეს? შარშან ხომ არ მომხდარა? აგერ, სამი დღის წინ, მაშინაც გაფიცული რომ იყვნენ. მეტიც, გაფიცვიდან ავტობუსებით წაიყვანეს და 41 შემოახაზინეს. ხოდა, იმან იზრუნოს და ის წუხდეს, ვისაც საკუთარი, ერთადერთი ნდობის მანდატი გადასცეს, ჩვენ რა შუაში ვართ?", - წერს ნიკა გვარამია.

დამსაქმებელთან უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. მათ სკოლის მოსწავლეები, ბაზრობის და მაღაზიების თანამშრომლები და მოსახლეობის ნაწილი შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაიხურება სკოლები, ბაღები, მაღაზიები და მთელი ქალაქი გაიფიცება. მე-11 დღეა საწარმოო პროცესი ყველა მაღაროში შეჩერებულია.