საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის შეფასებით, ჭიათურაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა - წარმოება განიცდის სერიოზულ დანაკარგს და დასაქმებულებიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ პროცესში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს.
"ვფიქრობ, ჭიათურაში შექმნილი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ერთის მხრივ წარმოება განიცდის სერიოზულ დანაკარგებს, იმდენ, რომ მოლაპარაკებისთვისაც ვერ იქნება მზად, რაღაც ფინანსური რესურსი გამონახოს. მეორეს მხრივ, ეს ხალხი მართლაც მძიმე მდგომარეობაშია.
ასეთ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს მათ. კონკრეტულად რა ფორმით მოხდება ეს, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ შესაბამისმა სტრუქტურებმა ფაქტია, კონკრეტული პასუხი უნდა გვითხრან ამასთან დაკავშირებით. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სახელმწიფოს ჩარევაც აუცილებელია“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, დღეს მაღაროელების გაფიცვას მთელი ჭიათურა შეუერთდა. როგორც "2020NEWS"-ს ჭიათურიდან აცნობეს, დაკეტილია მაღაზიები, ოფისები, ბაზრობები. სწავლა შეწყვეტილია სკოლებში, ბაგა-ბაღებში. არ მუშაობს ტრანსპორტი. ისინი სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ მაღაროელებს.
ცნობისათვის, დღეს გაფიცვის მე-11 დღეა. გუშინ "ჯორჯიან მანგანეზსა და მოშიმშილე მაღაროელებს შორის კიდევ ერთი მოლაპარაკება დასრულდა უშედეგოდ, „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობა ხელფასების მომატებაზე კვლავ უარი განაცხადა და ძალაში დატოვა მათ მიერ გაჟღერებული წინადადება, რომელიც საწყის ეტაპზე ხელფასების 15%-ით ზრდას, ხოლო ეტაპობრივად 25%-იან ზრდას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა 15 მაისს დაიწყო. ისინი "ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისგან ხელფასის 50%-ით გაზრდას, ჯანდაცვისა და შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას მოითხოვდნენ.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო 11 დღეა, რამდენიმე მაღაროელი შიმშილობს სამმა მათგანმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და პირი ამოიკერეს.
გუშინ მოშიმშილე მაღაროელებიდან ერთ-ერთი ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.