ნინო ლომჯარიას გვარამიას დაცვა ამჯერად თავად გვარამიასგან მოუწევს – პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი

ნინო ლომჯარიას გვარამიას დაცვა ამჯერად თავად გვარამიასგან მოუწევს – პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი

ნიკა გვარამიას მორიგი პოსტი მოუძღვნია პირველი არხისთვის და თან ნინო ლომჯარია მოუთაგავს, გვიშველე რამეო. ადვილი წარმოსადგენია, თუ რარიგად გაწიწმატდებოდნენ გვარამიას სიმართლით მოარულნი, როდესაც მისი პოსტი წაიკითხეს, ალბათ მწარე კომენტარებიც არ დაიშურეს პირველ არხის მისამართით, შემდეგ ტკბილად დაიძინეს გვარამიასა და სამშობლოს წინაშე ვალმოხდილებმა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ეკა შონია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც ეკა შონია აცხადებს, კლიპი, რომელზეც ნიკა გვარამია საუბრობს, საქართველოს პირველ არხს არ გადაუღია და ის „რუსთავი 2“-ის ეთერშიც გადის.

„ჰოდა, რაოდენ დიდი იქნება მათი გაოცება, როდესაც გაიღვიძებენ და შეიტყობენ, რომ აღნიშნული კლიპი პირველ არხს ხომ არ გადაუღია და არ გადაუღია, მაგრამ ეგ არაფერი, ეს კლიპი სწორედაც რომ იმ „რუსთავზეც“ გადის, რომლის დირექტორი თავად გვარამიაა. ასე რომ ქალბატონ ნინო ლომჯარიას გვარამიას დაცვა ამჯერად თავად გვარამიასგან მოუწევს.

P.S. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო მაინც დასკვნაა, რომელიც გინდა არ გინდა, თავისით ჩნდება – ბატონი გვარამია ხომ არ უყურებს საკუთარ ტელევიზიას და არ იცის იქ რა გადის, თუმცა, კიდევ უფრო მაგარი ის არის, რომ თურმე არც მისი გულშემატკივრები უყურებენ, თორემ ამდენი კომენტარების წერის ნაცვლად, ხომ ეტყოდა ვინმე მადლიანი, ნუ წერ ნიკა ასეთ სისულელეს, აგერ შენს „რუსთავზე“ გადის ეს კლიპიო“, – წერს ეკა შონია.