დღეს რუსთავი2-ის პარტნიორთა კრება გაიმართება

დღეს რუსთავი2-ის პარტნიორთა კრება გაიმართება

დღეს 15:00 საათზე „რუსთავი 2“-ის შენობაში პარტნიორთა კრება გაიმართება.  კრების მოწვევის ორგანიზატორი „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელი, ნინო ნიჟარაძეა.

„საკითხები, რომლებიც კრებაზე იქნება განხილული, უნდა იყოს საჯარო, რადგან სუბიექტურად არ იყოს შეფასებული“, - განმარტავს ნინო ნიჟარაძის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი.

მისივე თქმით, ნინო ნიჟარაძისთვის მნიშვნელოვანია მიიღოს ის ინფორმაცია, რომელიც უნდა მიიღოს „რუსთავი 2“-ის დირექტორისგან და დამფუძნებელი პირებისგან. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებებს.

„ჩვენ არბიტრაჟის მეშვეობით საკითხების გადაჭრას შევთავაზებთ. რაც რუსთავი 2 ის გენერალური დირექტორის მხრიდან გაჟღერდა. ვეხმიანებით და მზად ვართ ასე მივაღწიოთ შეთანხმებას.

ასევე, ვთავაზობთ კიდევ უფრო მარტივ გზას, ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის გადაცემას მსოფლიოში წამყვანი რომელიმე აუდიტორული კომპანიისთვის. თუკი იქნება არჩეული ასეთი აუდიტორული კომპანია, ჩვენ ყველანაირად ვენდობით მის შედეგებს, რომელსაც ის დადებს ტელევიზიაში მიმდინარე ფინანსურ საკითხებზე. ჩვენ სურვილი გვაქვს მაქსიმალური გამჭვირვალობისთის კრებას დაესწროს მედია“, - განაცხადა ყავლაშვილმა.

6 მაისს „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 9%-ანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე მასსა და ტელეკომპანიის სხვა მეწილეებს უჩივის და მათგან დაახლოებით 26 მილიონ ლარს ითხოვს.

მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ვიდრე სტრასბურგის გადაწყვეტილება ძალაშია, ვერცერთი საჯარო დაწესებულება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ნაბიჯს ვერ გადადგამს.