ყოფილი კოლეგები ცდილობენ მთაწმინდის ამომრჩევლები შეცდომაში შეიყვანონ, რომ მე „ნაცმოძრაობას“ წარმოვადგენ - ეს არის სრული იდიოტიზმი და ბოდვა, ჩემო კოლეგებო

ყოფილი კოლეგები ცდილობენ მთაწმინდის ამომრჩევლები შეცდომაში შეიყვანონ, რომ მე „ნაცმოძრაობას“ წარმოვადგენ - ეს არის სრული იდიოტიზმი და ბოდვა, ჩემო კოლეგებო

საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ მისი ყოფილი კოლეგები მთაწმინდაზე მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.

მისი თქმით, მას არ სურდა მთაწმინდის არჩევნებზე შეფასების გაკეთება, მაგრამ იძულებული გახდა.

„ვიღაც ადამიანებს არ ასვენებთ გამჩენი და დღემდე ცდილობენ, რომ ჩამრთონ ძალაუნებურად. საქმე ეხება ჩემს ყოფილ კოლეგებს, რომლებიც ამ დარბაზში სხედან და ალბათ ვაჟკაცობა ეყოფათ და გამოხატავენ პოზიციას, თუ რატომ დადიან მთაწმინდის ქუჩაზე და რატომ ცდილობენ მთაწმინდის ამომრჩეველი და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რომ ჯაბა ჯიშკრიანი წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის სრული იდიოტიზმი, სრული კატასტროფა და ბოდვა ჩემო კოლეგებო“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, მთელი მისი ცხოვრება სხვებისგან განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ იყო მიმართული და აღნიშნა, რომ „სწორედ ლადო კახაძე წარმოადგენდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და პაატა ბურჭულაძეს".

ჯიშკარიანის თქმით, მას „ქართული ოცნება“ ურჩევნია „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ მისთვის კახაძე არის პიროვნულად მიუღებელი.

ჯაბა ჯიშკარიანმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს მიმართა და განაცხადა, რომ თუ მსგავსი ხმების გავრცელება გაგრძელდება, ის გვარებს დააახელებს.

„მეორედ ასეთ სისულელეს ნუ წამოროშავთ და პატივი ვცეთ ერთმანეთს",-აღნიშნა ჯიშკარიანმა.