ამ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კაცის დაპატიმრება არ არის გამოსავალი

ამ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კაცის დაპატიმრება არ არის გამოსავალი

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მოკლული 8 თვის ბავშვის მამა შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების გამო. აღნიშნულ საკითხს ეხმიანება ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი.

“არ მინდოდა ამ თემაზე რამის დაწერა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: ახლა რომ აცხადებენ, გარდაცვლილი ბავშვის მამა უნდა დააპატიმრონ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებისთვისო, მიჩნდება ლოგიკური შეკითხვები:

– იცოდა თუ არა სკოლამ, რომ მოსწავლე გათხოვდა და ბავშვიც გააჩინა?

– იცოდა თუ არა აღაიანში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა თანასოფლელის დაოჯახების შესახებ?

შეკითხვაზე, – იცოდა თუ არა იმ სამშობიაროს პერსონალმა, სადაც ბავშვი გაჩნდა, რომ მშობიარე არასრულწლოვანი იყო? – პასუხი ერთმნიშვნელოვანია: რასაკვირველია, იცოდა!

ჰოდა, პრობლემა სისტემურია და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.  ამ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კაცის დაპატიმრება და ხანგრძლივად ციხეში გამოკეტვა არ არის გამოსავალი!

ეს ტრაგედია საკუთარი ძალმოსილების დემონსტრირებისთვის კი არ უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ, არამედ კარგად უნდა დაფიქრდეს და ისე ააწყოს სისტემა, რომ მხოლოდ ტრაგედიის შემდეგ არ ავტეხოთ ვაი-უშველებელი.

ეს ერთი ფაქტი არც იმის განზოგადებისთვის გამოდგება, რომ ყველა არასრულწლოვანი დედა პოტენციური შურისმაძიებელი და მკვლელია.

თუ ამ ტრაგედიამ არაფერი გვასწავლა, შეურაცხყოფას მაინც ნუ მივაყენებთ იმ დედებს, რომლებსაც ერთ მხარეს ჩვილი ეწვინათ, მეორე მხარეს კი თოჯინა, და კარგი შვილებიც გაზარდეს.

ეს ვიშვიში და თავზე ნაცრის წაყრაც არ არის საჭირო, – ტრაგედია ყველგან ხდება. მთავარია, რამდენად გავითვალისწინებთ და რას ვისწავლით ამ მძიმე ტრაგედიით მიღებული მწარე გაკვეთილიდან.”– წერს ბონდო მძინარაშვილი.

amo მადლობა
4 წლის უკან
უ ც ხ ო :
სავსებით გეთანხმებით. რა სისულელეა ახლა ამაზე გამოკიდება!..
P.S.
სხვათა შორის, 16 წლის ასაკში ნინო ჭავჭავაძე უკვე ქვრივი გახლდათ... რა ვუყოთ ახლა გრიბოედოვს, როგორ დავსაჯოთ?
4 წლის უკან