ირანის პრეზიდენტი: ირანი არ დაემორჩილება აშშ-ის ზეწოლას, თუნდაც დაბომბონ

ირანის პრეზიდენტი: ირანი არ დაემორჩილება აშშ-ის ზეწოლას, თუნდაც დაბომბონ

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ დაემორჩილება აშშ-ის ზეწოლას, თუნდაც დაბომბონ. განცხადება გაკეთდა ირანსა და აშშ-ს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ამ განცხადების ფონზე ირანის უზენაესი სამხედრო მეთაური, გენერალი მოჰამად ბაგერი ამბობს, რომ ნებისმიერი მტრის „ავანტიურას“ გამანადგურებელ პასუხს გასცემენ.

ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებისთვის  მზადაა.

2018 წელს ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციები თავიდან აამოქმედა, რომელიც 2015 წელს ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეჩერებული იყო.

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების გამო ქვეყანა უპრეცედენტო ზეწოლის წინაშეა. როუჰანის თქმით, აშშ-ის სანქციების განახლებამ ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა და მსგავსი მოვლენა 1980-88 წელს ერაყთან ომის დროსაც არ დაფიქსირებულა.