"გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და მასთან ერთად პარტიის შექმნას არ გამოვრიცხავ"

"ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე ”2020NEWS“-თან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასა და მასთან ერთად პარტიის შექმნას არ გამორიცხავს.

ამასთან, როგორც ფოფხაძე აცხადებს, ყოფილ პრემიერთან თანამშრომლობას, რომელთანაც კომუნიკაცია აქვს, მიესალმება.

"ჩვენ პარტიის შექმნა არ დაგვიანონსებია. არანაირი ბრიფინგი ამასთან დაკავშირებით არ გაგვიმართავს. ამ თემაზე საუბარი არა ჩვენი, არამედ მედიის მხრიდან დაიწყო. დამატებით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან არის საკითხები, რომელიც ეხება, როგორც საორგანიზაციო, ისე პოლიტიკურ-იდეოლოგიურსა და სამართლებრივ თემებს.

გიორგი კვირიკაშვილთან ადამიანური ურთიერთობა მაქვს, მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს. პოლიტიკაში კვირიკაშვილის დაბრუნებას არ გამოვრიცხავ.

კვირიკაშვილის მიმართ პირადი სიმპათიები მქონდა და ახლაც არ მიმაჩნია, რომ ცუდი ადამიანია. შესაბამისად, თუ მექნება რაიმე ურთიერთობა და თვითონ თუ ექნება სურვილი, რატომ არ შეიძლება პოლიტიკურ თანამშრომლობაზე ვიფიქროთ?! ამ ადამიანს ჯერ უნდა დაველაპარაკო და თუ დგას კონკრეტული წინაპირობები დასკვენების გაკეთების შესახებ საჯარო სივრცეში მერე ვისაუბროთ.

ზოგადად, გიორგი კვირკაშვილის მიმართ მაქვს ადამიანური სიმპატიები, არასდროს გიორგიზე ცუდი აზრის არ ვყოფილვარ და ნეგატიური აზრი მასთან მიმართებაში არ გამომითქვამს. მგონია, რომ ღირსეული კაცია“, - გვითხრა გედევან ფოფხაძემ.

როგორც ცნობილია, ივნისში "ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატები ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე, თანამოაზრეებთან ერთად, პარტიას დააფუძნებენ.