„ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება" რჩება ერთადერთ ბარიერად, რომ ის დესტრუქციული ძალები, რომელთა მიზანიც არის არეულობის და დესტაბილიზაციის გზით, თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევა, არ დაბრუნდნენ კვლავ მმართველობაში და ამ არჩევნებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. შესაბამისად, ეს უსუსური შეტევა, რასაც ვხედავთ, კვლევები, რომელიც ერთიანი კამპანიის ნაწილია, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზანს",- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს.
არჩილ თალაკვაძის შეფასებით, არჩევნებში დამარცხებულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" შედეგების აღიარების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილზე მორიგი უსუსური შეტევა წამოიწყო.
„გამოაქვეყნეს კვლევები, რომელთა ტესტიც მოხდა იმ დღესვე და რეალურად, იმ დღესვე გამოჩნდა, რომ ამ კვლევებში მოცემული შედეგები რეალობას ძალიან არის აცილებული. მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ, რომ კვლევაში მოცემული თითქოს 21%-იანი მხარდაჭერის ნაცვლად, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო დაახლოებით 60%-იანი მხარდაჭერა შუალედურ არჩევნებში. არის კვლევა, სადაც ასევე არის დამახინჯებული ფაქტობრივი მონაცემები მოყვანილი. მაგალითად, საუბარია, თითქოს საქართველოში მედიასაშუალებებს ფლობენ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს, სხვა კვლევაში ნახეთო, გააჟღერე სპეციალურ ბრიფინგებზე - ესეც არის სიცრუე. საქართველოს კანონმდებლობა მკაცრად განსაზღვრავს, რომ მედიასაშუალების ფლობა შეუძლია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს და კომპანიას",- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" წინააღმდეგ შეტევის მორიგი ტალღის რეალური მიზეზი არის ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" შურისძიება სურს.
„ჩვენ გვესმის, რისთვის დასჭირდათ მათ ამ ყველაფრის წამოწყება, რისთვის დასჭირდათ მათ, რომ არჩევნების ჩატარების მეორე დღესვე, როდესაც მათ დამარცხება იწვნიეს, გადავიდნენ კვლავ შეტევის მორიგ ტალღაზე, ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების" მიმართ. ამის რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას ახორციელებს და საზოგადოებისთვის საჭირო პროექტებს აფინანსებს, ამის რეალური მიზეზი არის ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ერთადერთი სურვილი, ერთადერთი მიზანი - ეს არის შურისძიება იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას ჩამოაშორა. მათ სურთ, შური იძიონ ბიძინა ივანიშვილზე, რომელმაც ისინი ხელისუფლებას ჩამოაშორა მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნებით",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.