“ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა, დაჩი კმაყოფილია”

“ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა, დაჩი კმაყოფილია”

ცხრა წლის დაჩი გულუა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა.  შეხვედრის ამსახველი ფოტო ბავშვის დედამ, ნათია ანასტასიადმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე გაავრცელა და დაწერა:

“ძალიან საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა! დაჩი კმაყოფილია. to be continued…”, – დაწერა ნათია ანასტასიადმა.

რამდენიმე დღის წინ,  9 წლის დაჩი გულუამ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურების დატანას სთხოვა.

დაჩი გულუამ გიორგი გახარიას წერილით მიმართა, რომელსაც ბავშვის დედამ, ნათია ანასტასიადმა „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა:

„ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, ცხრა წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვთ, საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ“.

გიორგი გახარიამ  დაჩი გულუას წერილს უპასუხა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ბავშვის დედამ, ნათია ანასტასიადმა განუცხადა.

„სამინისტროს წარმომადგენლები უკვე დაგვიკავშირდნენ და შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება. მას მეც დავესწრები. საკუთარ წერილზე პასუხით თავად დაჩიც კმაყოფილია და შეხვედრას მოუთმენლად ელოდება“, – განაცხადა “პირველ არხს” ნათია ანასტასიადმა.