ლადო კახაძე არის საკმაოდ პრინციპულიც და კარგი მცოდნეც, პრინციპებზე საუბარი არის აბსოლუტურად აცდენილი იმ რეალობისგან, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნიდა- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკეტი გია ვოლსკი ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას.
„ლადო კახაძე იმ პარტიული გაერთიანებიდან წამოვიდა, რომელიც არ ვარგოდა და რომელმაც, საზოგადოებას თავი ცუდად გააცნო. შალვა შავგულიძე იმ საზოგადოებასა და პარტიულ გაერთიანებაში მივიდა, რომელსაც საკმაოდ ცუდად იცნობენ და მით უმეტეს, გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით. სამართლებრივ საკითხებს რომ არ ჩავუღრმავდეთ და უნდა ჩავუღრმავდეთ, პრინციპებზე საუბარი არის აბსოლუტურად აცდენილი იმ რეალობისგან, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნიდა, ქმნის და ეცდება, რომ მომავალშიც შექმნას. საზოგადოება განსხვავებებს კარგად ხედავს. ლადო კახაძე არის საკმაოდ პრინციპულიც და კარგი მცოდნეც. მან პირველ ტურში საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა, თუმცა 50 პროცენტიანი ბარიერია დაწესებული და ეს ვინ დააწესა, ალბათ, გახსოვთ – „ქართულმა ოცნებამ“. ამ სიძნელის გამო ქვეყანა ხასიათდება დემოკრატიულ იერარქიაში მაღალ ადგილზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.
გიგა ბოკერიამ გუშინ განაცხადა, რომ ლადო კახაძე მაგალითია უპრინციპობის, როგორც პოლიტიკოსი. მისი თქმით, ლადო კახაძემ ყველა პარტია მოიარა, პარტიებს იცვლიდა არა შეხედულებებით, არამედ ვინც ძალაუფლებაში იყო ან ხელისუფლებაში მოსვლის შანსი ჰქონდა.