თამარ ჩუგოშვილი: კონგრესის ქვედა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მიიღო

თამარ ჩუგოშვილი: კონგრესის ქვედა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მიიღო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოციალურ ქსელში აშშ-ის კონგრესისგან საქართველოსთვის გამოცხადებულ მხარდაჭერაზე საუბრობს.

გთავაზობთ მის სტატუსს უცვლელად:

„უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა აშშ კონგრესისგან. საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ერთობლივი მუშაობის შედეგად კონგრესის ქვედა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მიიღო.

საქართველოს მხარდამჭერ კანონპროექტში ხაზგასმითაა დაფიქსირებული სრული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე;

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას;

კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით.

კანონპროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას;

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეში დამრღვევებისთვის კი მკაცრი სანქციების დაწესებით ინიციატივით გამოდის.

სწორედ ამ აქტის მიღებას ლობირებდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იანვარში ვიზიტის დროს.

აქტი ინიცირებულია საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეების ჯერი კონოლის (დემოკრატი) და ადამ კინზინგერის მიერ (რესპუბლიკელი)“. - წერს ჩუგოშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.