საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი დამატებით უქმე დღის გამოცხადების მომხრე არ არის.
"არ ვარ მომხრე დამატებითი დასვენების დღეები გამოვაცხადოთ. არის არაერთი დღე, რაც პოზიტიური, ტრადიციულია და საქართველოსთვის პოზიტიური პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ ნუკრი ქანთარიას ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, 14 მაისი "სამშობლოს დღედ“ გამოცხადდება და უქმე იქნება.
ოპოზიციამ ნუკრი ქანთარიას ამ ინიციატივის გამო პოპულისტი უწოდა. გია ვოლსკიმ კი, ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ ნუკრი ქანთარია პოპულისტი არ არის, მისი პათოსი გულწრფელია.
"ნუკრი ქანთარიას პათოსი არის გულწრფელი, თუმცა, შესაძლებელია, რომ ამისგან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ მის კოლეგებს, ვინც არანაკლები პატრიოტები არიან.
ინიციატივასთან დაკავშირებით, ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ მინდა, რომ სხვისი აზრებიც მოვისმინო. არ ვფიქრობ, რომ ერთი დღე უნდა იყოს სამშობლოს დღე. ვფიქრობ, რომ 365 დღე უნდა იყოს სამშობლოს დღე. ვფიქრობ, რომ პათოსთან, რასაც ნუკრი გამოხატავს, ახლოს არის საკმაოდ 17 მაისი, 26 მაისი. ამის მიუხედავად, დამოკიდებულება მისი წინადადების მიმართ, არ მინდა, რომ იყოს ცალსახად უარყოფითი, რადგან თავად ნუკრი ქანთარია არ არის პოპულისტი პიროვნება და არის ადამიანი, რომელიც ჯანსაღი პატრიოტული პოზიციებით ხასიათდება“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, პარლამენტში ნუკრი ქანთარიას კანონპროექტია დარეგისტრირებული, რომლის თანახმადაც, 14 მაისი "სამშობლოს დღედ“ უნდა გამოცხადდეს. ამასთან, მისი ინიციატივაა, რომ 14 მაისი უქმე დღე იყოს, 8 მარტის სანაცვლოდ.