ირაკლი ღარიბაშვილი დააბრუნეს სულელური, სამარცხვინო და რადიკალური განცხადებებისთვის

ირაკლი ღარიბაშვილი დააბრუნეს სულელური, სამარცხვინო და რადიკალური განცხადებებისთვის

"ირაკლი ღარიბაშვილი დააბრუნეს სულელური, სამარცხვინო და რადიკალური განცხადებებისთვის “, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია "2020NEWS“-თან აცხადებს.

გიგა ბოკერია აქვე დასძენს, რომ პოლიტიკურ-სამედიცინო განაჩენია ის, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილს მმართველი გუნდი სპიკერად აბრუნებს.

"ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ამ მთავრობის, რაშიც ხალხს ვერ შეუსრულა დანაპირები, არის კოჰაბიტაცია. 7 წლის თავზე, სიღარიბის ზრდის, ეკონომიკური ზრდის შენელების, კრიმინალის ზრდის და ა.შ. საერთოდ, ამ კატასტროფის ფონზე ამაში ხედავს ეს კაცი პრობლემას.

გარკვეული თვალსაზრისით, ეს არის პოლიტიკურ- სამედიცინო განაჩენი - როცა ღარიბაშვილს სპიკერად დააბრუნებ, როგორ უნდა გიჭირდეს. მისი ასეთი განცხადებები არ მიკვირს. აქციები არის მშვიდობიანი პროტესტის ნაწილი, ღარიბაშვილის განცხადება კი სამარცხვინო და მუქარის შემცველია“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მისი შეფასებით, ხელისუფლება თავისი ნაბიჯებით, თავად ქმნის სიძულვილის კლიმატს, რომელიც მართლაც სახიფათოა.

"ცოტა ხნის წინ არჩევნები გვქონდა ზუგდიდში, არაფერი არ ხდებოდა. ჯერ ერთი მივარდნა მოაწყეს, მერე მეორე, მერე დადეს ბინძური პირადი ჩანაწერი, ან ფაბრიკაცია, ეს ყველაფერი გააკეთეს მათ. მერე სადღეგრძელოებს იძახიან იმაზე, რომ მშვიდობა უნდა იყოსო. ნუ შეეკვრებიან მაშინ ქუჩის კრიმინალებს და ნუ გაუგზავნიან ოპოზიციას დასარბევად“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას, გიგა ბოკერიას ეს ტაქტიკურად არასწორად მიაჩნია.

"ჩვენ ახლა აქციებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. არა იმიტომ, რომ აქციები არასწორია. მშვიდობიანი აქციები დემოკრატიის ნაწილია. ახლა ჯერ გვაქვს არჩევნების მეორე ტური მთაწმინდაზე და ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ აქციები არ უნდა იყოს წარმოჩენილი, როგორც ალტერნატივა საარჩევნო ცვლილებების. მე ტაქტიკურად არასწორად მიმაჩნია, რაც ზოგჯერ გვესმის ჩვენი კონკურენტებისგან ოპოზიციაში, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, გავმართოთ აქციები - ეს ძალიან სახიფათო გზავნილია, ძალიან საზიანო.

ეს გზავნილი აწყობს ივანიშვილს და მის გუნდს, რადგან ეს გზავნილი აღრმავებს არჩევნების უიმედობას. მითუმეტეს, როცა ამდენ დარღვევას ხედავ, მერე ოპოზიციის ნაწილი გეუბნება, რომ არჩევნებს აზრი არ აქვსო, ეს ამცირებს იმ ხალხის რიცხვს, ვინც შეიძლება არჩევნებზე მოვიდეს თავისი ნების გამოსახატავად, ეს არის ის, რაც ივანიშვილს სჭირდება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ სააგენტოსთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერი ოპოზიციას ციხეებით დაემუქრა.

"ნაციონალური მოძრაობა“ ახალი გეგმით გამოვიდა, რომ მათი მთავარი ამოცანა რეგიონებში ფრონტის გაშლაა, საპროტესტო აქციების ჩატარება და ა.შ. საბოლოო ჯამში, როგორც ქალბატონი სანდრა რულოვსი აცხადებს, უნდათ, ეს აქციები ბიძინა ივანიშვილის სახლთან დაამთავრონ, რაც ძალიან ყურადსაღები და შემაშფოთებელია. მინდა, ეს ადამიანები გავაფრთხილო, სასახლის ნაცვლად, უბრალოდ, ციხეებში არ აღმოჩნდნენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი არხის ეთერში.

 

სოციალისტი ეხხ... ერთი გვერდიდან შეგახედა შენი თავისათვის და შენი განცხადებებისათვის!
ეხხ... ერთი მოგასმენინა რას ფიქრობს შენზე ერი და ბერი!
4 წლის უკან