კითხვა უყვარს, მაგრამ ქვეყანაში ბოლო ხანს განვითარებულმა მოვლენებმა მასზე ისე იმოქმედა, ჰგონია, ერთ თვეს მაინც ვეღარაფერს წაიკითხავს... "წიგნის თაროს" სტუმარია მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე.
როგორი მკითხველია ნანუკა ხუსკივაძე?\
- როგორ გითხრათ... არის პერიოდები, როდესაც აქტიურად ვკითხულობ და პირიქით. მოგეხსენებათ, რამდენ დროსა და ენერგიას მოითხოვს მსახიობის პროფესია. ზოგჯერ ძილის გარდა აღარაფერი გინდა... ბოლო ხანს ქვეყანაში იმდენი რამ მოხდა, ერთი თვე მაინც დამჭირდება, ამ დაძაბულობას თავი რომ დავაღწიო და წიგნის წაკითხვა შევძლო.
დღევანდელი საზოგადოების წიგნიერებას როგორ აფასებთ?
- დღევანდელი საზოგადოების ყველაზე დიდი პრობლემა წიგნიერების ნაკლებობაა. ამას მრავალი მიზეზი აქვს, თუნდაც ტექნიკის განვითარება და ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც, თავის მხრივ, ასევე აუცილებელია პროგრესისთვის, თუმცა, ვფიქრობ, ვინც წიგნის ფასი იცოდა, ის დღესაც კითხულობს. კარგი მკითხველი კი ყოველთვის ცოტა იყო... ახალგაზრდებთან ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას. ისეთ ახალგაზრდებსაც ვიცნობ, რომლებიც ნამდვილი წიგნის ჭიები არიან, თუმცა იმ ლიტერატურას არ კითხულობენ, რასაც ჩემი თაობა, მით უფრო - ჩვენი მშობლებისა. დღეს კითხულობენ იმას, რაც აინტერესებთ. ასეა ჩემი შვილიც. იმხანად იყო ლიტერატურა, რომელიც სავალდებულო წასაკითხად მიიჩნეოდა. დღეს საქმე სხვაგვარად არის...
კითხვა ვინ შეგაყვარათ?
- ამაში ყოველთვის დიდ როლს ასრულებს ოჯახი, გარემო. მე კითხვა მშობლებმა შემაყვარეს. თვითონაც არაჩვეულებრივი მკითხველები იყვნენ. მახსოვს, კითხვა სათავგადასავლო წიგნებით დავიწყე, მაგრამ კონკრეტულად რით, ვეღარ ვიხსენებ.
საყვარელი პერსონაჟი თუ გყავდათ?
- პატარა უფლისწულის ერთგული ვარ და, ალბათ, ისე მოვკვდები, მასზე მეტად ვერავის შევიყვარებ. მასზე გენიალური პერსონაჟი არ მეგულება.
რომელიმე გმირში საკუთარი თავი თუ დაგინახავთ?
- ამაზე პასუხს თავს ავარიდებ, ამბიციურობა რომ არ დამწამოთ...
ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რომელმა ავტორმა მოახდინა თქვენზე?
- ეგზიუპერიმ. მიყვარდა პაოლო კოელიო, გაბრიელ გარსია მარკესი. ქართველი მწერლებიდან გამორჩეულად მომწონს ილია ჭავჭავაძე, ნიკო ლორთქიფანიძე...
ახალგაზრდა ავტორების ნაწარმოებებს თუ ეცნობით?
- ამას წინათ გიორგი მარგველაშვილის წიგნი ჩამივარდა ხელში - "ინდივიდუალური სუბსტანციის ფილოსოფია". მხატვრული ლიტერატურა არ არის, მაგრამ ბოლო ხანს თუკი რამ მომწონებია ქვეყანაზე, ეს წიგნია. გიორგის რომ დავურეკე და მადლობა გადავუხადე, მერე თვითონ გამომიგზავნა წიგნი საჩუქრად.
ყველაზე წიგნიერ პიროვნებებად ვინ მიგაჩნიათ?
- პირველ რიგში - მამაჩემი, იუზა ხუსკივაძე. არა იმიტომ, რომ მამაჩემია, აგრეთვე - ქალბატონი მზია გომელაური, გიორგი მარგველაშვილის დედა, გენიალური ფსიქოლოგი, რომელიც თავისი ერუდიციით ყოველთვის მაოცებს, რობიკო სტურუა, რომელსაც უკიდეგანო განათლება აქვს... დედაჩემიც ძალიან განათლებული იყო. ოთარ ჭილაძე ხომ საოცარ სიღრმეებს სწვდებოდა...
დაფასებული თუა დღეს წიგნიერება?
- მეეჭვება, დღეს წიგნიერებას აფასებდნენ... და ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. სხვაგვარად ცხოვრება აღარ შეიძლება.
რის წაკითხვას გვირჩევს ნანუკა ხუსკივაძე?
- აუცილებლად წაიკითხეთ გიორგი მარგველაშვილის "ინდივიდუალური სუბსტანციის ფილოსოფია".