მომზადების დრო: 90 წუთი
ულუფა: 8
ბანნიცა ბულგარული ღვეზელია, რომლის გარეშეც არ არსებობს სადღესასწაულო სუფრა. იგი ქართულ აჩმას წააგავს, თუმცა, განსხვავებული რეცეპტით მზადდება. ბანნიცას აუცილებლად აცხობენ საშობაოდ.
ინგრედიენტები
ცომი:
კვერცხი - 4 ცალი
ცივი წყალი - 2 ს/კ
მარილი - 1/4 ჩ/კ
ფქვილი - რამდენსაც შეიზელს
გულსართი:
ბრინზა ან ცხიმიანი ხაჭო - 600 გ
კვერცხი - 1 ცალი
მარილი
კარაქი - 100-120 გ
მომზადების წესები
კვერცხი, წყალი და მარილი ავთქვიფოთ და შევაზილოთ იმდენი ფქვილი, რომ მივიღოთ ნაზი, ელასტიკური ცომი. ცომს დავაფაროთ ტილო და დავტოვოთ 20 წთ. ამასობაში ბრინზას ან ხაჭოს შევურიოთ კვერცხი და მარილი.
ცომი დავყოთ 9 გუნდად და თითოეული ძალიან თხლად გავაბრტყელოთ. საგლინველით თუ კარგად არ გაბრტყელდა, ხელით ფრთხილად გავწელოთ. ღვეზლის მომზადების მთავარი სირთულე სწორედ ფენების გაბრტყელებაში მდგომარეობს. ცომი წააგავს შტრუდელის ცომს და მსგავსი პრინციპით მზადდება.
მრგვალ ფორმას წავუსვათ კარაქი, ჩავაფინოთ ერთი ფენა, წავუსვათ კარაქი და დავუმატოთ გულსართი. ზემოდან დავაფინოთ დანარჩენი ფენებიც ანალოგიური პრინციპით. ბოლო ფენას წავუსვათ კარაქი და 180 გრადუსზე დაახლოებით 45-50 წთ ვაცხოთ.
რჩევა:
თუ ცომის მომზადებას ვერ შევძლებთ, შეგვიძლია შევიძინოთ ფილოს ცომი, რომელიც ბაქლავის მოსამზადებლად გამოიყენება.