Sweet – ზოგჯერ „არასვიტური“, თანაც ტკბილი და განუხორციელებელი

Sweet – ზოგჯერ „არასვიტური“, თანაც ტკბილი და განუხორციელებელი

70-იანი წლების პოპ მუსიკა იმდენად მრავალფეროვანი იყო, რომ მუსიკის მსმენელს არაერთი, თუნდაც როკ სტილის არჩევანი ჰქონდა, თუ ვისთვის მოესმინა ამა თუ იმ ეპიზოდში, განწყობის მიხედვით.

60–ების მეორე ნახევრის ბლიუზურ საფუძველზე აგებული ბრიტანული როკი ნელ–ნელა სულ უფრო მეტად გასართობ ტენდენციებს ამჟღავნებდა და დაკვრის ფანტაზიაზე მეტ მნიშვნელობას, სასცენო იმიჯსა და მოხატვა–მორთულობას ანიჭებდა.

ამის ერთ–ერთ და სერიოზულ სულისჩამდგმელად დევიდ ბოუი გვევლინება, რომელიც 60–იანების მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ინგლისური პოპ მუსიკის მეინსტრიმის ერთ–ერთ სერიოზულ ფიგურად იქცა. მას მოჰყვა მარკ ბოლანი და კიდევ სხვანი და სხვანი, ვისაც ეკუთვნის ახალი ჟანრის – გლემ როკის დამკვიდრება, რომლის მიმდევრების მიერ რეპერტუარის საკმაო გაპრიმიტიულება, მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი მელოდიები, უამრავი თაყვანისმცემლის გაჩენის  წინაპირობა იყო.

გლემ როკს სხვაგვარად ბაბლ გამ როკსაც უწოდებენ მისი ერთგვარად ერთჯერადობის გამო. ანუ მოისმენ, გაერთობი, ისიამოვნებ და მერე მოისვრი, რადგან მსგავსი ტიპის შემცვლელი არ დააყოვნებს, თანაც მოდის ტენდენციებიც ხომ ცვალებადია და დიდხანს ერთსა და იმავე მუსიკოსზე ყურადღების გამახვილებისთვის, მალე შეიძლება თანატოლებმა დაგცინონ კიდევაც. 

როკ მუსიკის ამ საესტრადო მიმართულებას ძირითადად ის ჯგუფები მიჰყვებოდნენ, რომელთა წევრებიც მაინცდამაინც დიდი საშემსრულებლო ოსტატობით არ გამოირჩეოდნენ.

აი 1968 წელს შექმნილი იმთავითვე გლემ როკ მონსტრი Sweet კი თავიდანვე შოუ ბიზნესის მსხვერპლად იქცა, რადგან არც მომღერალ ბრაინ კონოლის, არც ბას გიტარისტ სტივ პრისტს, არც გიტარისტ ენდი სკოტს და არც დრამერ მიკ ტაკერს არ სურდათ გლემ როკ ფერხულში მოხვედრა, რადგან მათ შესანიშნავად უწყოდნენ თავიანთი მუსიკოსობის ყადრი, მაგრამ ამით რა? არც ჯიმი ჰენდრიქსს სურდა გიტარაზე კბილებით დაკვრა, რასაც მას პროდიუსერები „ძალით აკეთებინებდნენ“.

როგორც ჩანს პროდიუსერების - ნიკი ჩინისა და მაიკ ჩეპმენის პირველმა „ნადავლმა“ უკვე მომავალ სუზი კუატროსა და სმოკთან შედარებით მეტად გაამართლა, რადგან თუნდაც ისეთ დრამერს, როგორიც მიკ ტაკერია, არაერთი ჰარდ როკ კოლექტივი ინატრებდა... სხვა საკითხია, რომ ჩარტებში Blockbuster-ის გამარჯვება და 1973 წლისათვის საყოველთაო აღიარება ჯგუფის წევრებს არ აკმაყოფილებდა, რაც აუცილებლად უნდა გადაზრდილიყო ჩინი-ჩეპმენი კომპოზიტორთა ტანდემთან კონფლიქტში.

ეს ერთბაშად არ მომხდარა. დავიწყოთ იმით, რომ 1973 წელს Sweet-მა სავიზიტო ბარათი The Ballroom Blitz შექმნა. მალე კლიპიც მომზადდა და კოლექტივმაც ნიკი ჩინისა და მაიკ ჩეპმენის სიმღერებთან ერთად, საკუთარის შექმნაც გადაწყვიტა. 1974 წლის ალბომმა Sweet Fanny Adams ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. Chop-Chop, Co-Co და Sunny Sleeps Late-ის ავტორები მსმენელთა წინაშე უმძიმესი ჟღერადობის მქონე ჯგუფად წარსდგნენ. მეტიც, ჩინისა და ჩეპმენის ორადორი სიმღერა, შესანიშნავად ჩაჯდა ალბომის კონტექსტში და თუკი ალბომის პირველ გვერდს ტრადიციული როკ’ნ’როლი Peppermint Twist აბოლოვებს, ალბომის დამაგვირგვინებელი აკორდი, უკვე ჩინი-ჩეპმენის ტანდემის AC-DC გახლავთ.

ალბომს მგზნებარე და ცეცხლოვანი Set Me Free ხსნის. სიმღერა საკმაოდ მოულოდნელი განვითარებებით ოთხი წლის წინანდელ წარსულში მიგვაფრენს და ვოკალის პარტიის მხრივ, Deep Purple In Rock-ის Flight Of The Rat-ს ემსგავსება. ძალიან მნიშვნელოვანია ალბომის კიდევ ორი სიმღერა Heartbreak Today და Sweet F.A..

პირველი მათგანი გარდა იმისა, რომ ჯგუფისათვის ახლადმორგებულ დამძიმებულ ჟღერადობას, მელოდიურობის ფონზე, მრავალხმიანობასთან ერთად ათავსებს, სიმღერის ბოლო ნაწილში, თითქოს მისგან აბსოლუტურად განყენებულ იმპროვიზაციულ ჩანახატში გადადის, რომელშიც მოწოდების სიმაღლეზეა Sweet -ის დრამერი მიკ ტაკერი.

Sweet F.A. კი გარდა იმისა, რომ რღვევისა თუ ნგრევის ხმით სრულდება, გამორჩეულია აშკარა „მეტალ ტენდენციებით“, რომელთა განვითარებისთვისაც მომავალში, ჯგუფს ასეთი შემართებით აღარასოდეს მიუმართავს. უცნაურია, მაგრამ სიმღერა რაღაცით Black Sabbath-ის Killing Yourself To Live-ს მოგვაგონებს...

აღსანიშნავია, რომ დიდი პოპულარობისდა მიუხედავად, Sweet Fanny Adams ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გამოსულა. მეტიც, ამ ალბომიდან ხუთი სიმღერა, მომდევნო „ამერიკულმა“ ალბომმა Desolation Boulevard გააერთიანა. აღსანიშნავია, რომ ამ ალბომში შევიდა პიტ ტაუნშენდის მარადიული ჰიტი My Generation. ალბათ ეს ამბავი იმ თვალსაზრისითაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჯგუფის წევრებს The Who, თავიანთი იდეების გენერატორად მიაჩნდათ...

საბოლოოდ ჯგუფის ბევრი მოყვარული თანხმდება  Sweet Fanny Adams-ის სისრულეზე, მაგრამ ამ თვალსაზრისით არ უნდა დაგვავიწყდეს Sweet - ის მომავალი ორდისკიანი ალბომი Strung Up, რომლის ერთი გვერდი სტუდიურს, ხოლო მეორე კი საკონცერტო ნამუშევარს მოიცავს. უდიდესი წარმატება ხვდა წილად სიმღერა Fox On The Run-ს, რომელიც რამდენიმე კვირით, მსოფლიო მასშტაბის პირველადგილოსან ჰიტად იქცა.

ამ პერიოდში თითქოს ყველაფერი კარგადაა და საკუთარ თავში დარწმუნებული ჯგუფი, განაგრძობს ალბომების ჩაწერას ზოგჯერ სიმფონიური ორკესტრის თანხლებით და ზოგჯერაც კლავიშებიანი ინსტრუმენტების მკვეთრად გაზრდილ ფონზე. რაც შეეხება გამორჩეულ სასიკეთო ამბებს, ეს Sweet-ის თვით რიჩი ბლეკმორთან ერთად გამოსვლაა სცენაზე Free-ს გიტარისტ პოლ კოსოვის ხსოვნის აღსანიშნავად. მუსიკოსებმა All Right Now შეასრულეს.  

Sweet-ის 70-ების მეორე ნახევრის უმთავრეს ალბომად 1978 წლის Level Headed იქცა, სადაც ენდი სკოტის აღიარებული Love Is Like Oxygen გარდა, არაერთი „არასვიტური“ სიმღერა შევიდა, რომელთა მსმენელების ყურში დაღვინებისათვის დრო აღარ იყო საკმარისი. ისედაც კრიზისში მყოფ როკ მუსიკას, ბრაინ კონოლის ალკოჰოლიზმის პრობლემები დაერთო. მომღერალი ერთხელ კონფლიქტში მოჰყვა და მას ბოთლით ხმის იოგები დაუზიანეს.

კონოლიმ მომავალში წარსული ხმის ლაზათი და სიძლიერე ვეღარც აღიდგინა, თუმცა იგი 1984 წლიდან მოყოლებული, ამაყად მღეროდა ჯგუფ The New Sweet-ში, სადაც  Sweet-ის ტრადიციულ შემადგენლობას, მარტო განასახიერებდა. მომღერალი 1997 წელს გარდაიცვალა. ენდი სკოტმა, სტივ პრისტმა და მიკ ტაკერმა მომღერლად Uriah Heep-ის ბერნი შოუს უხმეს და ლაივ ალბომიც ჩაწერეს. უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა ფორმაციის „სვიტებში“, Uriah Heep-ის უკვე სტაჟიანი კლავიშებზე შემსრულებელი ფილ ლენზონიც უკრავდა.

2003 წელს დრამერი მიკ ტაკერი გარდაიცვალა, ხოლო ენდი სკოტი და სტივ პრისტი საკმაოდ უცნაურად იქცევიან, რადგან გაერთიანების ნაცვლად, დღესდღეობით მათი თაოსნობით ორი სხვადასხვა Sweet არსებობს... 

ისტორია კი უკვე დიდი ხნის დასრულებულია და როკ მუსიკის მსმენელებმაც შესანიშნავად ვუწყით, რომ ასეთი პოტენციალის ჯგუფს, გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო...