საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, თანამშრომლებისთვის ინოვაციური საკომუნიკაციო პლატფორმის - Workplace-ის დანერგვის შესახებ განაცხადა. Workplace-ი Facebook-ის მიერ შექმნილი ბიზნეს პლატფორმაა კომპანიებისთვის. Workplace-ის დანერგვის მიზანი საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის თანამედროვე საკომუნიკაციო არხის შეთავაზებაა. ამასთანავე, მათთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ოპერატიულად, თანამედროვე ინსტრუმენტებით მოხდება ორგანიზაციის შიგნით ინფორმაციის გაცვლა, უკუკავშირის მიღება და ჩართულობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი არის ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია, რომელიც თანამშრომლებისთვის Workplace-ის შიდა პლატფორმას - გამჭვირვალობის, ღიაობის, ნაკლები ბიუროკრატისა და მეტი ეფექტურობის მიზნით ნერგავს.
„თანამედროვე სამყაროში კომუნიკაციის აქტიური საშუალებაა ჩვენი ტელეფონები თუ Facebook-ის პირადი შეტყობინებები, სამსახურში - ელექტრონული ფოსტა. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ჩვენი 7000 თანამშრომლისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით ქმნიან უკეთეს და განსხვავებულ საქართველოს, შეგვეთავაზებინა უფრო კომფორტული, თანამედროვე, დინამიკური და საინტერესო პლატფორმა ინფორმაციის მიღებისა და გაზიარებისთვის. ჩვენი მიზანია, გუნდის თითოეულ წევრს შევუქმნათ ახალი სამუშაო სივრცე, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია ინტერესების გაზიარებისა და პროაქტიულობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლები Workplace-ით ისარგებლებენ არასამუშაო დროსაც. ოპერატიულად მოიძიებენ სწორედ მათ ინტერესებზე მორგებულ, საჭირო და საინტერესო ინფორმაციას. გვჯერა, რომ როდესაც კომპანიის კორპორაციული კულტურა დაფუძნებულია გამჭვირვალობასა და თანამშრომლების განვითარებაზე, ასეთ დროს თითოეულ თანამშრომელს უკეთესად ესმის თავისი საქმიანობის რეალური ღირებულება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ინფორმაციისთვის, Workplace-ის ინტერფეისი და ფუნქციონალი არის მსოფლიოში ცნობილი სოციალური ქსელის Facebook-ის ანალოგი. ის თანამედროვე და ადაპტირებული სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომელთა მოტივაციის ზრდას, მათ სამომავლო განვითარებას. საქართველოს ბანკის Workplace-ი ინტერაქციული და თანამშრომლების ინტერესზე მორგებული საკომუნიკაციო პლატფორმა იქნება, რაც კიდევ უფრო მეტად წაახალისებს საერთო ინტერესების მქონე ჯგუფების ინტერაქციას, ინფორმაციის ოპერატიულად მიმოცვლას, როგორც თითოეული თანამშრომლის, ისე მენეჯმენტის მხრიდან.