მახათის მთის ტერიტორიაზე კულტურულ-საგანმანათლებლო მუზეუმის მშენებლობა დაიწყება

მახათის მთის ტერიტორიაზე კულტურულ-საგანმანათლებლო მუზეუმის მშენებლობა დაიწყება

დღეს ჩვენი ერის ისტორიაში გამორჩეული დღეა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის კურთხევის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა დღევანდელი დღე საქართველოს მოსახლეობას მიულოცა და აღნიშნა, რომ მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე კულტურულ-საგანმანათლებლო მუზეუმის მშენებლობა დაიწყება. ასევე, მისივე თქმით, აღნიშნულ ადგილზე სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნება.

„დღეს არის გამორჩეული დღე ჩვენი ერის ისტორიაში. დღეს აღვნიშნავთ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს. დღესვე აღევლინა ლოცვა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში. ასევე, დღესვე ჩვენ აღვნიშნავთ ანდრია მოციქულის დღეს და იმედის დღეს. მე მსურს, ყველა ჩვენს მოქალაქეს და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული. აქვე მინდა გითხრათ, რომ ამავე ტერიტორიაზე კულტურულ-საგანმანათლებლო მუზეუმის მშენებლობა დაიწყება, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველაზე სანუკვარი, ჩვენი ეროვნული საგანძური. აქვე გაიხსნება სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.

კიდევ ერთხელ მსურს, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე”, – განაცხადა მამუკა ბახატაძემ.