"დაიცავი საქართველო" ახალ სახეებს აგროვებს

მარტში გაცოცხლებული "დაიცავი საქართველო", 13 აპრილს გამართული ყრილობის შემდეგ საჯარო სივრცეში აქტიურად აღარ გამოჩენილა. როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა ვატო შაქარიშვილმა "2020NEWS"-ს განუცხადა, ამ ეტაპზე მუშაობენ გეგმებზე, გაფართოებაზე, აწარმოებენ მოლაპარაკებებს სტუდენტებთან და დარწმუნებულია, რომ "დაიცავი საქართველო" უფრო მასშტაბური გახდება.

"რა თქმა უნდა ვმუშაობთ, ძალიან ბევრთან გვაქვს კონსულტაციები, ძირითადად ახალგაზრდებთან, ვართ შესულები უნივერსიტეტებში", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, მათი მიზანია - უშინაარსო და მორალური ასპექტებისგან დაცლილი, ბრძოლის ველად ქცეული პოლიტიკური ასპარეზის გატეხვა და ახლის შექმნა.

"ნაციონალური მოძრაობა" ისევ "ქართული ოცნების" ხელშეწყობით არის კარს მომდგარი. ამიტომ, ისე უნდა მოხდეს ამის გაკეთება, "ნაციონალური მოძრაობა" არ მოვიდეს ხელისუფლებაში. ერთი ისე უნდა გაისტუმრო, მეორე არ მოიყვანო. ეს არ არის პატარა ამოცანა", - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.

მისი თქმით, სამართლიანობის აღქმის კუთხით, ზნეობისა და მორალის თვალსაზირისით მოქმედ და წინა ხელისუფლებას შორის განსხვავება არ არის.

"მურუსიძე თურმე გმირი და მსხვერპლია. 2006 წელს დაწყებული ბრძოლა, გატეხილი თავები, შეწირული ჯანმრთელობა, ეს ყველაფერი სისულელე ყოფილა და თურმე ანრი ოხანაშვილს და მამუკა მდინარაძეს დაუმარცხებია "ნაციონალური მოძრაობა", დათო მაღრაძე და კიდევ ათასობით ადამიანი სისულელეში იყო... ეს რეალობა დაგვიდგა", - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.

რა ფორმატით იქნება "დაიცავი საქართველო" 2020 წლისთვის წარმოდგენილი, ეს ჯერ ფიქრის დონეზეა, თუმცა, როგორც შაქარიშვილი ამბობს, მოძრაობა ხელს შეუწყობს ყველა კეთილსინდისიერ ადამიანს, ვისაც პოლიტიკურ პროცესში უნდა ჩართვა.

"ჩვენი მოძრაობა ასპარეზს ქმნის იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი ექნება პოლიტიკური პროცესში მონაწილეობისათვის, შესთავაზებს იმ პარტიას, რომელიც ჩამოყალიბდება და იქნება რეალური და ძლიერი ალტერნატივა... 2020 წლისათვის ფორმატის წინასწარ განსაზღვრა რთულია. რა ფორმას შეიძენს ჯერ კონტურები არ ჩანს, შეიძლება აქ მომზადდეს გარკვეული ადამიანების ჯგუფი და შევთავაზოთ როგორც რეალური კანდიდატები სხვა პარტიას, კოალიციას, საარჩევნო ბლოკს და ა.შ. ეს ყველაფერი ჯერ ფიქრის დონეზეა. ჩვენ ველაპარაკებით კეთილსინდისიერ, წესიერ, კომპეტენტურ ადამიანებს, ვისგანაც დაცლილია დღეს ქართული პოლიტიკური სივრცე. ჩვენი კრიტერიუმი არ არის ახალი და ძველი სახე, მთავარია კეთილსინდისიერება, პატიოსნება. მაგალითად, მე ველაპარაკები ახალგაზრდებს, შეხვედრები მაქვს სტუდენტებთან", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

მისი თქმით, საჯარო სივრცეში მორიგ აქტიურ გამოჩენამდე ნიადაგს ამზადებენ.

"ჩვენი შეხვედრა ძალიან მოკლე დროში, სპონტანურად გაკეთდა. ყველაფერს ორგანიზება სჭირდება, ასახვა სჭირდება. სწორი დრო იყო აპრილში ამის გაკეთება, იმიტომ, რომ საზოგადოებას სჭირდებოდა კონსოლიდაცია, მთავარი გზავნილების მიწოდება. ძალიან ბევრი ამომრჩეველია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს, ამასთან ხალხი აღარ აპირებს მხარი დაუჭიროს "ქართულ ოცნებას", რადგან დაკარგა ნდობა, რაც გამოჩნდა განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ. ისინი ვინც მხარს აღარ დაუჭერს "ქართულ ოცნებას", არც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებას დაუშვებს, აუცილებელია მათ სწორი პროდუქტი მივაწოდოთ, სწორი პროდუქტი კი წესიერი, კეთილსინდისიერი, პატიოსანი პოლიტიკოსები არიან, ასევე ადამიანები, ვისაც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის მიღება სურს. მაგრამ, პოლიტიკური პროცესი დისკრედიტირებულია. ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც თავის საქმიანობაში წარმატებულია, პოლიტიკურ პროცესში შემოსვლა არ უნდა. ამბობენ ხოლმე, რომ პოლიტიკა ბინძურია. პოლიტიკა ბინძური არ არის, ბინძურმა ადამიანებმა დააბინძურეს ველი, არასწორმა ადამიანებმა სასამართლოში, პარლამენტში. ჭირს ახალგაზრდა ადამიანების დაინტერესება, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთონ. საუბარი არ არის "დაიცავი საქართველოში" შემოსვლაზე. ზოგადად, პოლიტიკურ პროცესში შემოსვლაზეა ლაპარაკი. რადგან ეს ადამიანები, ჩემი თანატოლები, უმცროსები, უფროსები, რომლებსაც ვუსმენ და ვეცნობი მათ გაკეთებულ საქმეებს, სუფთა ადამიანები არიან, არ იციან პოლიტიკური კორუფცია. სწორედ ამ ადამიანებით უნდა მოხდეს შევსება. რა თქმა უნდა იმის ილუზია არ მაქვს, ქართულ პოლიტიკურ ორგანიზმს მთლიანად გადაესხმება სისხლი, მაგრამ, უნდა გავახალისოთ და ახალი სისხლი შევიტანოთ. ახალი კი უფრო ერევა ძველს. ძველში არ იგულისხმება ის, ვინც 25 წელია პოლიტიკურ სივრცეში ჩანს, თუ მას ზნეობრივად უვლია, პოლიტიკური შეცდომების გარეშე, არ უღალატია ქვეყნისთვის, არ გარეულა კორუფციაში, პირიქით 25 წელი პოლიტიკაში საქმიანობა გამოცდილებაა და არა დანაშაული. მთავარი მათი საქმიანობა, მათი ხედვაა, მომავალზე ფიქრი, პატიოსნება და წესიერება. დღეს შემოდის ის პოლიტიკაში, თუ 25 წელია რაღაც ფორმით მონაწილეობს ამ ყველაფერში, შეიძლება ისიც კი ახალი იყოს, განახლებული ხედვები ჰქონდეს, თანამედროვეობას ფეხი აუწყოს და არ იყოს დარჩენილი რაღაც საბჭოთა პარტიულ სისტემაში, რასაც დღეს გვთავაზობენ", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა სააგენტოსთან საუბრისას.