ზელენსკიმ პოროშენკო ხარბ ტურისტს შეადარა

ზელენსკიმ პოროშენკო ხარბ ტურისტს შეადარა

უკრაინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატები და მოქმედი პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

მისი თქმით, დეპუტატები ინაუგურაციის თარიღის დასახელებას ხელოვნურად აჭიანურებენ და თავიანთ მანდატებს უფრთხილდებიან.

„პრეზიდენტი პოროშენკო კი, რომელმაც მალე პოსტი უნდა დატოვოს, ახორციელებს საკადრო ცვლილებებს, ნიშნავს თავის პიარის ხელმძღვანელს ეროვნულ საბჭოში და გენერლის წოდებებს არიგებს. მე ის ეგვიპტეში მყოფ ტურისტს მაგონებს, რომელიც ხვალ სამშობლოში უნდა დაბრუნდეს, რომელსაც ჩალაგებული აქვს ჩემოდნები, ნომერიც მილაგებული აქვს და როგორც ყველა პატიოსანი ადამიანი აეროპორტის ტრანსფერს უნდა ელოდებოდეს, მაგრამ არა, ის ვერაფრით წყნარდება, იპარავს პირსახოცს, ჩუსტებს და ყველაფერს იღებს შვედური მაგიდიდან,“-განაცხადა ზელენსკიმ, რომელიც ინაუგურაციის დანიშვნას 19 მაისისთვის ითხოვს, თუმცა რადაში ინაუგურაციის თარიღზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.

უკრაინის ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები საბოლოო შედეგები 30 აპრილს გამოაცხადა. 21 აპრილის არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა, რომელმაც ხმათა 73,22%, მისმა მეტოქემ პეტრო პოროშენკომ კი ხმათა 24,45% მიიღო.