საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობამ ისეთი დრამატული მასშტაბი მიიღო, რომ საქართველოში საფრანგეთის შს მინისტრი ჩამოვიდა და არაფრანგული პირდაპირობით გვითხრა, რომ საფრანგეთი ელდორადო არ არის.
"ისინი ოცნებობენ ელდორადოზე და ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთში არ ხვდებათ ის პირობები, რომელზეც ოცნებობენ. გამოიხატა სურვილი ორივე ქვეყნის მხრიდან, რომ ვებრძოლოთ უკანონო მიგრაციას. ეს არის დიდი თავსი ტკივილი, საქართველო პირველია თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობის თვალსაზრისით. საფრანგეთს პრაქტიკულად არ შეუძლია მიიღოს ყველა, ვისაც სჭირდება დაცვა, ჩვენ უკვე დავიწყეთ მოქმედება ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, გავაგებინოთ ადამიანებს, რომ ისინი ვინც ოცნებობენ საოცნებო ქვეყანაზე ეს ასე ადვილი არ იქნება," - განაცხადა კასტანერმა ქართველ კოლეგა გიორგი გახარიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
"არ არის ნორმალური, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს თავშესაფრის მოთხოვნათა თვალსაზრისით. საქართველოში არსებული ვითარება ამას არანაირად არ ამართლებს, საქართველოში ომი არ არის. ეს ქვეყანა ევროპელი და ფრანგი საზოგადოების მხრიდან აღიქმება საიმედო მიმართულებად და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან ერთგვარი ანომალიაა," - აცხადებს საფრანგეთის შს მინისტრი.
ფრანგი მინისტრი იმაზეც წუხს, რომ ბევრი ქართველი მოტყუებით ვითომდა სამკურნალოდ ჩადის. მაგრამ ამიერიდან საფრანგფეთი სამკურნალოდ მხოლოდ მათ მიიღებს, ვისაც ნამდვილად ესაჭიროება.
"ზოგიერთი ადამიანი სამკურნალო თვალსაზრისით ჩამოდის საფრანგეთში, თუმცა საქართველოშიც არსებობს შესაძლებლობა მიიღონ მკურნალობა, ამიერიდან უშუალოდ ისინი იქნებიან მიღებული, რომლებსაც რეალურად სჭირდება საფრანგეთის დახმარება ამ მიმართულებით,"- განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, აღნიშნულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეთა საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთთან მუშაობენ და საქართველოს მთავრობამ მსგავსი გეგმები ევროპის სხვა ქვეყნებთანაც განახორციელა.
„ვადასტურებ, რომ საფრანგეთთან მიმართებაში თავშესაფრის მაძიებლების ზრდა არის და ეს ფაქტია, ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ამასთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული გეგმა. აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გეგმა შედეგიანი იქნება. მსგავსი გეგმები ევროპის სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით განვახორციელეთ და იქ პოზიტიური შედეგი უკვე გვაქვს.", - განაცხადა გახარიამ.
მან ასევე აღნიშნა,რომ უკანონო მიგრაციაზე ევროპაში უვიზო მიმოსვლამაც იმოქმედა.
„დაახლოებით 2 წელია, საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს და დღეის მდგომარეობით დაახლოებით 400 000-ზე მეტმა ქართველმა იმოგზაურა ევროპაში, მათ უმრავლესობას კი არანაირი კანონი არ დაურღვევია. რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს, ვპასუხობთ და ვიცით, რომ უახლოეს პერიოდში პოზიტიური შედეგები გვექნება." - აღნიშნა შს მინისტრმა.