ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1990-იანი წლების ომის პერიოდში ქართულ-ოსური ურთიერთობების ამსახველი წიგნის „მესაფლავენი“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. მოთხრობების კრებული ოსურ ენაზე თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში რაზიატ ქუმარითოვამ თარგმნა.
პრეზენტაციას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ნაირა ბეპიევა, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
“მესაფლავენი“ გზავნილია ოსი ხალხისადმი, რომ ქართულ-ოსურ ძმობას ალტერნატივა არ გააჩნია. ვფიქრობ, ამ წიგნს ქართულ-ოსური ურთიერთობის, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის აღდგენის საქმეში, თავისი მოკრძალებული დანიშნულება აქვს,“ - აღნიშნავს წიგნის ავტორი გიორგი სოსიაშვილი.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის თქმით, მოთხრობათა კრებული ქართულ-ოსური ურთიერთობის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. „გიორგი სოსიაშვილის წიგნი ქართულ-ოსური ურთიერთობების ფაქიზ საკითხებს უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ კრებულს, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ჩვენი ოსი მეგობრები მშობლიურ ენაზე გაეცნობიან,“ - განაცხადა ნანა გაფრინდაშვილმა.
„კრებულში არის ასეთი მოთხრობა: „ტყვეები“, რომელშიც სიმბოლურად, ორი ძმა ებრძვის ერთმანეთს, ერთი ოსების მხარეს, მეორე კი ქართველების მხარეს. ისინი ბრძოლის ველზე ხვდებიან ერთმანეთს. მე ვფიქრობ, ომის პერიოდში, ქართველებისა და ოსების დაპირისპირების დროს, სწორედ ასეთი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. ეს, რასაკვირველია, მიუღებელია. ჩვენმა ცენტრმა წიგნი იმ იმედით გამოსცა, რომ ქართულ-ოსური ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდება და ის ნარატივი, რომ ჩვენ ერთმანეთის მეგობრები ვართ, კიდევ უფრო გაძლიერდება,“ - აღნიშნა თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ნაირა ბეპიევამ.
მოთხრობების კრებული თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის დაფინანსებით გამოიცა.