ბრაზილიის ექსპრეზიდენტს ციხეში დააბრუნებენ

ბრაზილიის ექსპრეზიდენტს ციხეში დააბრუნებენ

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი მიშელ ტემერი, რომელიც მასშტაბურ კორუფციულ საქმეშია ბრალდებული, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდება. ეს გადაწყვეტილება რიო-დე-ჟანეიროს სააპელაციო სასამართლომ მიიღო. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

პოლიციამ ტემერი მარტში დააკავა. ის რამდენიმე დღე წინასწარ პატიმრობაში იყო, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.

ბრაზილიის ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სულ 10 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ერთ-ერთი საქმე ეხება პრეზიდენტის ბრძანებას ბრაზილიის პორტების მართვის ნორმების გამარტივების შესახებ. გამოძიების მტკიცებით, ტემერმა, შესაძლოა, ამ ბრძანებას ხელი ლოგისტიკური კომპანია Rodrimar S. A.-ს ინტერესებიდან გამომდინარე მოაწერა, ამის სანაცვლოდ კი გარკვეული ანაზღაურება მიიღო. გასული წლის 19 დეკემბერს ბრაზილიის გენერალურმა პროკურატურამ პოლიტიკოსს ბრალი კორუფციასა და ფულის გათეთრებაში წაუყენა.

ვინაიდან მაშინ ტემერი ბრაზილიის პრეზიდენტი იყო და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მხრივ ნაწილობრივი ხელშეუხებლობა ჰქონდა, საქმე ფედერალურ უზენაეს სასამართლოს გადაეცა. სწორედ ფედერალურ უზენაეს სასამართლოს უნდა მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, წარდგება თუ არა პოლიტიკოსი სასამართლოს წინაშე. მიმდინარე წლის 1-ელ იანვარს ტემერი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე ჟაირ ბოლსონარომ შეცვალა, რის შემდეგაც ფედერალური უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლუის რობერტუ ბაროზუმ გადაწყვიტა, რომ ტემერი არანაირი პრივილეგიით აღარ სარგებლობს და მისი საქმე ქვემო ინსტანციის სასამართლომ უნდა განიხილოს.