“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც ბოკერია ამბობს, იმ შემთხვევაში თუ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი ავთენტურია, რომელშიც სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზეა,” ძალიან მძიმე სურათია და მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯი უნდა გადადგას”.
“პირველ რიგში, ეს ჩანაწერი (მაჩალიკაშვილზე) და ეს განვითარება არ ხსნის იმ კითხვებს, რომელიც არსებობს თავდაპირველ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ფატალური შემთხვევა მოყვა. თუმცა, თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია და ფაბრიკაცია არ არის, ძალიან მძიმე სურათია და მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯი უნდა გადადგას.
ზოგადად, ფონი ხელისუფლების მიმართ ნდობის თვალსაზრისით არის მძიმე. ამიტომ ვაკეთებ ამ პრინციპულ დათქმას – რაც მოვისმინეთ, ეს თუ ავთენტურია, ეს არის სერიოზული და მძიმე სურათი და ამას უნდა მოყვეს კონკრეტული ნაბიჯები, ” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.