"კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ კომისიის შექმნის გარეშე ეს საკითხი არ იქნება გამოძიებული"

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვს. საკითხს ოპოზიციური პარტია, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დააყენებს

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან დეპუტატების წასვლის შემდეგ, საჭირო 50 კანონმდებლის მხარდაჭერის მიღებას მოახერხებენ.

"სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენის შემდეგ, კიდევ უფრო დავრწმუნდით იმაში, რომ მხოლოდ კომისიას შეუძლია დაადგინოს სიმართლე და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ კომისიის შექმნის გარეშე ეს საკითხი არ იქნება გამოძიებული და აუცილებლად პარლამენტმა უნდა დაიწყოს განხილვა“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის მოთხოვნას არ იზიარებენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისია საქმეს გამოძიების პარალელურად არ უნდა სწავლობდეს.